ახალი ამბები

საქართველოში ტაქსით მგზავრობა გაძვირდა და შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს

17 იანვარი, 2017 • 9860
საქართველოში ტაქსით მგზავრობა გაძვირდა და შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს

საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანიები აცხადებენ, რომ  მათი მომსახურება 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაძვირდა საწვავის ფასის მატების გამო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მგზავრობა საწვავის ფასის ზრდის პარალელურად კიდევ გაძვირდეს.

ტაქსების კომპანია “ტაქსი 200200”-დან განგვიცხადეს, რომ 2016 წლის ბოლოს, ახალ წლამდე, კომპანიაში ფასმა საწვავის გაძვირების გამო მოიმატა.

კომპანიის ოპერატორის თქმით, თავიდან ტარიფმა მხოლოდ მხოლოდ პიკის საათებში, 17-დან 20 საათამდე, მოიმატა, ხოლო სხვა საათებში ტარიფი უცვლელი იყო. თუმცა 2016 წლის ბოლოს ფასმა მთლიანად მოიმატა.

კომპანიაში, სადაც ფიქსირებული ფასები მოქმედებს, აცხადებენ, რომ ფასმა მოიმატა 50 თეთრიდან 1 ლარამდე, ფასის ეს მერყეობა დამოკიდებულია მანძილზე, რომელიც ტაქსიმ უნდა დაფაროს. მაგალითად, ვაკიდან “თბილისი მოლამდე” ღირდა 5 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 6 ლარი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ საწვავის ფასი მოიმატებს, მაშინ გამორიცხული არაა, რომ მგზავრობის ტარიფმა კიდევ მოიმატოს.

ტარიფის მატება არ შეხებია “ტაქსი 200200”-ით ქალაქგარეთ მგზავრობას, ფასი გაიზარდა თბილისის მასშტაბით მგზავრობაზე.

ტაქსების კომპანია “სითი ტაქსი” აცხადებს, რომ მათაც მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გააძვირეს. გაძვირების მიზეზი ამ შემთხვევაშიც საწვავის ფასია.

მომხმარებლების თქმით, გაძვირდა კომპანია “ტაქსიფაით” მომსახურების ტარიფიც, კერძოდ: მგზავრობის დაწყების ტარიფი 1 ლარი – 1.20 ლარი გახდა, ხოლო თითო კილომეტრის ტარიფი 50 თეთრი – 60 თეთრი გახდა.

არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც მგზავრობის ტარიფი არ გაუზრდიათ. მაგალითად, კომპანია “ტრანსკომში” აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ, ტარიფი 1 კილომეტრზე 60 თეთრი შეინარჩუნონ, თუმცა, თუ საწვავის ფასის მატება გაგრძელდა, მაშინ იძულებული გახდებიან, მგზავრობის ფასი გაზარდონ.

“ჩვენ ვმუშაობთ კომპანიებთან, კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული და ვთანამშრომლობთ “ვისოლთან”, შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ამ ეტაპზე ფასები დარჩეს ისე, როგორიც არის”, – აცხადებენ კომპანიაში.

ტაქსით მომსახურება 50 თეთრით გაძვირდა ქალაქ გორშიც. გორის ტაქსის ოფისში განგვიცხადეს, რომ გაძვირება ახალი წლიდან საწვავის ფასის მომატებამ გამოიწვია. გაძვირებამდე ტაქსის მომსახურება ასეთია: საწყისი ფასი 1 ლარი იყო, ახლა 1.50 ლარი გახდა, ხოლო კილომეტრის ტარიფი: 60 თეთრი 1 კილომეტრზე უცვლელი დარჩა.

ტაქსის ფასმა მოიმატა ზუგდიდსა და ქუთაისში. ქუთაისის მცხოვრები რამაზ გოგებაშვილი, რომელიც 12 წელია ტაქსით ემსახურება მგზავრებს, უკმაყოფილოა ტარიფით და ამბობს, რომ ტაქსის “კაჭკის” ფასი აქვს.

გოგებაშვილი ამბობს, რომ ავტოგაზის ფასი 1.05 ლარი იყო, ახლა 1.45 ლარი გახდა.

“ბაზრიდან გამოდის სამი მგზავრი და მოაქვს ტვირთი კაჭკით, მოიტანენ მანქანასთან და ეკითხება, რამდენი გინდა? ეუბნება მგზავრს, რომ 2 ლარი მომეციო, მისცა მეკაჭკეს 2 ლარი. კაჭკაზე რაც ტვირთი იყო, ჩამიდეს მანქანაში, ამას დაემატა 3 კაცი 100-100- კილოიანები კიდო და 2 ლარად მიმყავს მე სამ კილომეტრში. კაჭკა მეტი ძვირია, ვიდრე ტაქსი”, – ამბობს გოგებაშვილი.

რამაზ გოგებაშვილი ტაქსების კომპანია “მაქსიმშიც” მუშაობს. მისი თქმით, კომპანიამ ქუთაისში მგზავრობის ტარიფი 50 თეთრით გააძვირა.

ნავთობკომპანია გალფის მიხედვით, ავტოგაზი 2017 წლის 4 იანვრის მდგომარეობით 1.45 ლარი ღირს. 2016 წლის განმავლობაში 1.18-დან 1.30 ლარის ფარგლებში მერყეობდა, 2015 წელს- 1.15-1.30 ლარის ფარგლებში, ხოლო 2014 წლის განმავლობაში 1.05-დან 1.10 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე ავტოგაზი , 2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით, 1.4 ლარი ღირს, 1.3 ღირდა 2016 წლის 17 იანვარს, ხოლო 2015 წლის 8 მარტს- 1.2 ლარი.

2017 წლის პირველი იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საწვავის აქციზი გაძვირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი