ახალი ამბები

სააკაშვილი: არ ვიცოდი, რომ გიგი წერეთლის მამას დაარეგისტრირებინეს პარტია “ევროპული საქართველო”

16 იანვარი, 2017 • 3765
სააკაშვილი: არ ვიცოდი, რომ გიგი წერეთლის მამას დაარეგისტრირებინეს პარტია “ევროპული საქართველო”

მიხეილ სააკაშვილი ენმ-იდან გასულ ლიდერებს “მინიმუმ 2 არაგულწრფელობაში” ადანაშაულებს ამომრჩევლის მიმართ. როგორც სააკაშვილმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს კარგი გაკვეთილი იყო, რომელიც მას ჩაუტარეს.

“მთელი იდეა მინიმუმ არაგულწრფელობაზე იყო დაფუძნებული. არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე შეიქმნა პარტია “ევროპული საქართველო”. მე არ ვიცოდი, რომ ეს შეიქმნა… მე არ ვიცოდი, რომ გიგი წერეთლის მამას დაარეგისტრირებინეს რაღაც პარტია, რომელზეც გადააფორმეს ნაციონალური მოძრაობის ფულის ნახევარი თუ მეტი, საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლები და გამზადებული პლატფორმა იყო, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, მგზავრები გადამსხდარიყვნენ სხვა მატარებელში. პარალელურ რელსად დააყენეს მეორე მატარებელი თავისი ვაგონებით და კომპლექტაციით. მოდით, ახლა დავსვათ კითხვა: 500 000-მა ადამიანმა (თუ ბიულეტენებსა და გაყალბებას გავითვალისიწინებთ 600 000-მა) ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას. ერთმა ამომრჩეველმა მაინც იცოდა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ის ხმას აძლევდა პარტიას დასახელებით ევროპული საქართველო? მე არ ვიცოდი. იცოდა ვინმემ, რომ ეს ხმები ჩაეთვლებოდა სხვასაც და ისინი გადაჯდებოდნენ სხვა პარტიაში, რომელიც გამზადებული იყო, ფულით, რესურსებით და ა.შ. ეს არის პირველი დიდი ტყუილი. მეორე, ხომ იძახდნენ, რომ მიშა რა პრობლემაა, პირიქით, მიშას  ჩვენ ვაღიარებთ… ახლა ხომ თქვეს, რომ მიშა არის მთავარი პრობლემა?! ეს არის კარგი გაკვეთილი, რომელიც მათ შორის მე ჩამიტარეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ხალხს არ დაავიწყდება ის, რომ ეს პოლიტიკოსები მათ არაკეთილსინდისიერად მოექცნენ.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შოთა მალაშხიას “ქრისტიან-კონსერვატორებთან” ერთად იღებდა მონაწილეობას. პარლამენტში შესვლის შემდეგ ენმ-მ 4 ფრაქციის ჩამოყალიბება მოახერხა. თუმცა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ენმ არა მალაშხიასთან, არამედ “ევროპულ საქართველოსთან” ერთად გავიდა. ეს უკანასკნელი 1999 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, როგორც პოლიტიკურ პარტია. მათ ხელახალი რეგისტრაცია 2016 წლის 12 აგვისტოს გაიარეს – საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე. ბლოკმა ცესკოს წინასწარი, ყველა უბნის მონაცემებით 27.11% მიიღო.

ბლოკის მიერ წარდგენილ პროპორციულ სიაში ძირითადად ენმ-ის წევრები იყვნენ, ასევე, უპარტიო კანდიდატები, რომლებიც ენმ-სთან ასოცირდებიან (სერგი კაპანაძე, სანდრა რულოვსი, ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სხვები). ბლოკის მიერ წარდგენილი 199-წევრიანი სიიდან მხოლოდ ხუთია “ევროპული საქართველოდან” (პირველი მათგანი, ირმა სტეფნაძე-იაშვილი სიაში 114-ე ადგილს იკავებდა).

როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, საარჩევნო ბლოკის შექმნის მოტივი ძირითადად ძალების გაერთიანებაა, რათა, მაგალითად, პარტიამ ბარიერის გადალახვა მოახერხოს. ენმ-ის შემთხვევაში კი ისეთ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ბლოკში გაერთიანების მოტივაცია, რომელიც პოლიტიკაში თითქმის არ ჩანდა, ხმალაძის შეფასებით, შესაძლებელია იყოს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის ერთით მეტი წევრის დანიშვნის უფლების მიღება. საინტერესოა, რომ “ქართულ ოცნებას”, მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ზე თითქმის ორჯერ მეტი ხმები დააგროვა, კომისიის მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება ექნება, ენმ-ის ბლოკს კი – ორის.

როგორც “ნეტგაზეთს” ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა [ყოფილმა] ლევან თარხნიშვილმა დაუდასტურა, პარტია “ევროპულ საქართველოსთან” ერთად ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია ენმ-ისთვის სწორედ ტექნიკური დეტალები იყო:

“ეს იყო ტექნიკური ბლოკი … ამით ჩვენ გვქონდა საშუალება, მიგვეღო დამატებითი დაფინანსება, დამატებითი წარმომადგენლები საარჩევნო კომისიაში”, – ამბობს თარხნიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი