გოგოლაშვილი: საქართველოს სიტუაციაში ნატოსადმი 61%-იანი მხარდაჭერა მაღალი მაჩვენებელია

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. ბოლო 5 წლის მანძილზე ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა კი ყველაზე დაბალია. ნატოს მიმართ სკეპტიციზმის ზრდაზე “ნეტგაზეთი” სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა:

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა კიდევ შემცირდა, ხოლო მოწინააღმდეგეების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 5 წლის მანძილზე ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ყველაზე დაბალია. რით შეიძლება ეს ავხსნათ?

დაღმავალი ტენდენცია უკვე რამდენიმე წელია შეინიშნება. დროის გარკვეულ პერიოდში უფრო მეტი მოლოდინი არსებობდა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთმა მთლიანობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. საქართველოში კიდევ უფრო მტკივნეულად გრძნობდნენ იმას, რომ ჩვენ გვჭირდება ალიანსში გაწევრიანება. ჩვენ მეხსიერებაში ახალი იყო განცდა იმისა, თუ რამდენად სუსტი შესაძლებლობები გვაქვს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დავიცვათ. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა იმაზე, რომ მოსახლეობას ტოტალურად დაეჭირა მხარი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გარემო შეიცვალა, ახლა მეტი საუბარი და მეტი ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოში გაწევრიანებას მნიშვნელოვანი რისკი მოაქვს ქვეყნისთვის, მოსახლეობა მეტად გარკვეულია, ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რისკებში ნატოს რამდენად შეუძლია საქართველოს დაცვა. მოსახლეობა აშკარად ხედავს და ამას არც არავინ უმალავს, რომ რისკი მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში, ნატოში გაწევრიანებას ჩვენ ვირჩევთ თუ არ ვირჩევთ, მაგრამ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული დამატებითი რისკი, რომელიც ნიშნავს რუსეთის პროვოცირებას, ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს მოსახლეობის შეხედულებებზე და მოტივაცია ნაკლებია.

ნატოს სკეპტიკოსების რაოდენობის ზრდაში ვის როლს უფრო ხედავთ- მთავრობისას, რომ ნაკლები კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან ნატოს შესახებ, თუ თავად ალიანსის, რომელიც წლებია ამბობს, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა არსებითი ნაბიჯები ამ კუთხით მოსახლეობისთვის არ იდგმება? კონცეპტები საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზე მაინცდამაინც ნათელი შეიძლება არ იყოს მოსახლეობისთვის.

უსაფრთხოების გარემო ძალიან შეცვლილია. ამაში ვგულისხმობ იმ რისკებს, რომლებსაც შეიძლება ძალიან დრამატული განვითარება მოჰყვეს, ომის საშიშროება მათ შორის. ბოლო ხანებში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, ეს პირდაპირი დარტყმა იყო ნატოს იმიჯზე, დასავლეთის იმიჯზე, მისი სიძლიერის რწმენაზე მოსახლეობაში, რომ დასავლეთი ძალიან ძლიერია და შეუძლია რუსეთის შეკავება. ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გადადგა საკმაოდ თავხედურად, ეს არ იყო მხოლოდ უკრაინის დასჯა, რომელზეც რუსეთს ისტორიული პრეტენზიები აქვს, არამედ ასევე დასავლეთთან გაპაექრებაც და თავის თავის დამკვიდრება, როგორც ისეთი მოთამაშის, რომელსაც ხელები გახსნილი აქვს და მას ასე მარტივად ვერანაირი ნატო და დასავლეთი ვერ შეაჩერებს. ამ ყველაფერმა ნატოს იმიჯს ზიანი მიაყენა, ეს მოქმედებს საქართველოშიც, უკრაინაშიც და ნებისმიერ ქვეყანაში.

მეორეც, თავად ნატომ, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ, ცნო ის, რომ რუსეთს აქვს გარკვეული ვეტო ნატოს გაფართოებაზე. ამას უარყოფდა ადრე, თითქოს რუსეთის მოქმედებაზე და ნებაზე არ იყო დამოკიდებული ნატოს გაფართოება აღმოსავლეთში, ამბობდა, რომ ნატოს წევრობისთვის თავდ ქვეყნები არ არიან მზად.

სტოლტენბერგმა საქართველოში ბოლო ვიზიტისას იგივე გაიმეორა, რომ ნატოს გაფართოების საკითხში მესამე მხარე ვერ ჩაერევა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ მოსწონს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება, ნატო ამ პოლიტიკას მაინც აგრძელებს

რა თქმა უნდა, თავად ღებულობს გადაწყვეტილებას, მაგრამ ძალიან ხშირად გაჟღერდა უკვე ძალიან მაღალი რანგის ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და ეს დამკვიდრდა როგორც ყველასთვის მისაღები თეზა, რომ ნატოს უნდა აღმოსავლეთით გაფართოება, მაგრამ ეს დაკავშირებულია რისკებთან. რეალურად მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთი არის ის ძალა, რომელიც აკავებს ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით. ესეც ურტყამს ნატოს იმიჯს. ნატოს მიმართ სკეპტიციზმის ზრდა შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს პრორუსული განწყობების გაღვივებას, უბრალოდ, ადამიანების ნაწილი თვლის, რომ საქართველოს არ შეუძლია ზედმეტი რისკი აიღოს თავის თავზე და ნატოსკენ სწრაფვით რუსეთი გააღიზიანოს.

მესამე ფაქტორია რუსეთის ძალიან ძლიერი პროპაგანდა, რუსული პროპაგანდა, რასაც აქვს შედეგი და ჩვენ ამას ვხედავთ. მე ვიტყოდი, რომ ამ ყველაფრის ფონზე და ამ სიტუაციაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, 61%-იანი მხარდაჭერა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

რუსული პროპაგანდა ახსენეთ, მართალია, ეს კვლევა ნოემბერში ჩატარდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასში საპარლამენტო მუშაობის გავლენის ასახვაზე ვისაუბროთ, თუმცა ჩვენ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვისმენთ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა ისაუბროს ვლადიმერ პუტინთან. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შემდეგმა საზოგადოებრივმა კვლევებმა ნატოს სკეპტიკოსების ზრდის ტენდენცია აჩვენოს?

ეს განცხადებები მოსახლეობისთვის ისედაც ცნობილია და რომც არ იყოს “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში, ეს გავლენა ისედაც იქნება, ბოლოს და ბოლოს, “ობიექტივის” საშუალებით. […] ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი პარლამენტი არ არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. არც სამთავრობო გუნდისგან და არც პარლამენტში მმართველი გუნდისგან პრორუსული დისკურსი არ არის. მაგრამ ჩვენ ვხედავთ რუსეთისადმი წინააღმდეგობის შესუსტებას, მაგალითად, გაზპრომთან დადებული ახალი შეთანხმება, რომელიც შეიძლებოდა, რომ არ გადაგვეხედა. ჩვენ არ უნდა დავთანხმებულიყავით ახალ პირობებს და ამის სასარგებლოდ უამრავი არგუმენტი გვაქვს და საერთაშორისო სასამართლო ან არბიტრაჟი ამას ვერ გვაიძულებდა. უბრალოდ, ეს არის პრაქტიკა, რომ აშკარად რუსეთის მიმართ გარკვეული შიში არსებობს ქვეყანაში. ხელისუფლებაც თავს არ აჩვენებს მაინცდამაინც გაბედულად ამ კონტექსტში. ფრთხილი პოლიტიკა ყოველთვის კარგია, მაგრამ ფრთხილ პოლიტიკას არ უნდა ჰქონდეს შიშის ელფერი. გამბედავი სიფრთხილე უნდა არსებობდეს. მოსახლეობას  არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი, რომ ჩვენ რაღაც შიშმა შეგვიპყრო.

ყველამ იცის, რომ რუსეთს არ გააჩნია არც იმხელა სამხედრო ძალა, ფინანსური და ეკონომიკური რესურსი, რომ მთელ მსოფლიოს, უძლიერეს ქვეყნებს შეუქმნას სერიოზული პრობლემები მათთან დაპირისპირების შემთხვევაში, მაგრამ რუსეთი აჩვენებს, რომ ის არის ყველაფერზე წამსვლელი ძალა, მას შეუძლია ძალის და იარაღის გამოყენება ნებისმიერ მომენტში და ამის არ ეშინია. ეს, რა თქმა უნდა, დამთრგუნველად მოქმედებს ძალიან ბევრზე, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაზეც. ამას წინ უნდა აღუდგეს მმართველი ძალა, არ შეიძლება ინიციატივის დაკარგვა და თავის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც შენ, უბრალოდ, ემორჩილები ნებისმიერ ზეწოლას და აუცილებელია იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ ვთმობთ პოზიციებს.

ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ნატოსთან დამოკიდებულების ახსნისას თქვენ ყირიმის ანექსია ახსენეთ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ უკრაინაში ევრომაიდნის მოვლენები სწორედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო დაიწყო და ყირიმის ანექსიით დასრულდა. რატომ აქვს ევროკავშირს მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ნატოს?

ნატო უფროა დაკავშირებული სამხედრო რისკებთან, რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები ჩვენ წინააღმდეგ ერთხელ უკვე გამოიყენა და დიდად ზიანი ვერ მოგვაყენა. სამხედრო რისკების კი მოსახლეობას ძალიან ეშინია. სინამდვილეში ეს 72% აშკარად გვიჩვენებს, რომ ჩვენ რეალურად პროდასავლური საზოგადოება ვართ და ჩევნთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ორივე მისაღებია, ორივესკენ მივისწრაფვით, მაგრამ წმინდა შიშების და რისკების გამო ნაწილი მოსახლეობისა უარს ამბობს ნატოში ინტეგრაციაზე.

ამავე დროს ევროპული ინტეგრაცია იზიდავს ყველას, ევროკავშირის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გარკვეული გავლენა მოახდინა იმაზე, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ევროპული მისწრაფების ასეთი მაღალი რეიტინგი. ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენ ვხედავთ პროგრესს. ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ასევე ველით უვიზო მიმოსვლას. ეს არის რეალური მიღწევები. ნატოსთან მიმართებაში კი ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ შედეგებს იმიტომ, რომ ჩვენ ნატოს პარტნიორები ვართ, დაგვიცავს თუ არა ნატო, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში (უკრაინა, მაგალითად, ვერ დაიცვა, პრაქტიკულად იარაღიც კი არ მიაწოდეს უკრაინას), საქართველოს შემთხვევაშიც ასეთი შიში არსებობს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ასეთ ასოციაციებს არ იწვევს. უკრაინაში რომ რაღაც მოხდა იმიტომ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას არ მოეწერა ხელი, იქ სხვა ფაქტორებიც დაემატა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იანუკოვიჩის მთავრობა იყო საშინლად კორუმპირებული მთავრობა და მოსახლეობა ისედაც მოტივირებული იყო მისი მოშორებით.

უკრიანაშიც ევროპული მისწრაფებები იყო ძალიან მაღალი, მაგრამ ნატოში მათ არ ჰქონდათ ასეთი მაღალი მისწრაფებები. 50%-ზე ნაკლები უჭერდა მხარს ნატოში ინტეგრაციას. რეალურად, რუსეთი უფრო იმუქრება ნატოში გაწევრიანების პროცესთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად აღიქვამს ევროპულ ინტეგრაციას საფრთხედ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობას და ასოცირების შეთანხმებებს.

თქვენი პასუხებიდან გამომდინარე, ნატოს მიმართ სკეპტიციზმის ზრდა ძირითადად ნატოს იმიჯის შელახვას უკავშირდება. შეგვიძლია გავიხსენოთ გადაწყვეტილებები, რომელიც ნატომ რუსეთის საპასუხოდ მიიღო, მათ შორის შავ ზღვაში მისი გაძლიერება, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს საკმარისი პასუხია ალიანსის მხრიდან რუსეთის მისამართით და თუ ცდილობს ნატო იმ აღქმის შეცვლას, რომელზეც ვსაუბრობდით?

ნამდვილად საინტერესოა ამ საკითხზე საუბარი. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ნატო ახლა გადადგამს, არის წმინდა წყლის პრევენციული, თავდაცვითი ნაბიჯი, რომელიც ეხება მარტო ნატოს წევრ ქვეყნებს, ნატომ 4 000 ჯარისკაცი განალაგა პოლონეთში, 10-15 მოიერიშე თვითმფრინავი ჩაიყვანეს ბალტიისპირეთში და გარკვეული ინფრასტრუქტურის განლაგება დაიწყეს. ეს არ არის სრულფასოვანი პასუხი რუსეთისთვის, რადგან ყველამ იცის, რომ აგრესიის შემთხვევაში რუსეთისთვის ეს არ იქნება საკმარისი წინააღმდეგობის დონე. ნატოს პასუხი უნდა იყოს ისეთი, რომელიც პირიქით, რუსეთს შეაშინებს. რომელიც სრულად გამოაჩენს რუსეთის სისუსტეს და უსუსურობას. აღმოსავლეთით ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი, რომელიც ახლა გრძელდება, ბალტიისპირეთში ნატო სამხედრო თვალსაზრისით საერთოდ არ იყო. ახლა ეს ხორციელდება, ვნახოთ, რა დონეზე გაიყვანენ ამას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რას იზამს შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი ტრამპი, თუ ის შეასუსტებს ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობის დონეს, დახმარებისა და ინტერვენციის დონეს, მაშინ, რა თქმა უნდა, ნატო ვერ აღიდგენს ძლევამოსილი და გავლენიანი აქტორის როლის იმიჯს ევრაზიაში. ამ ვითარებაში ვართ დღეს. მნიშვნელოვანია, რასაც ნატო ახლა აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

ნატომ უფრო გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს მიმართულებითაც, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვცეს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საქმე, ესაა მთლიანად კასპიის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარანტია. საქართველოს თუ აქვს უსაფრთხოების გარანტია, მაშინ მნიშვნელოვანწილად კასპიის ზღვის რეგიონი თავისი უზარმაზარი რესურსებით არის შედარებით თავისუფალი რუსეთის გავლენებისგან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com