ახალი ამბები

კვირიკაშვილი ტურიზმის გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

16 იანვარი, 2017 • 2720
კვირიკაშვილი ტურიზმის გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 17-21 იანვარს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყება.

დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტთან, მარიანო რახოისთან. მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში და ქართულ საგამოფენო სივრცეს დაათვალიერებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მადრიდიდან შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება, სადაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

წელს, ფორუმი იმართება დევიზით – “პასუხისმგებლიანი ლიდერობა”  და მისი წამყვანი თემა იქნება “მეოთხე სამრეწველო რევოლუცია”. ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმზე კვირიკაშვილი მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი