ახალი ამბები

ოთარ კახიძე: შემაშფოთებელია, რომ ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ისტორიულ მინიმუმზეა

16 იანვარი, 2017 • 1693
ოთარ კახიძე:  შემაშფოთებელია, რომ  ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ისტორიულ მინიმუმზეა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ძალიან შემაშფოთებელია NDI-ს ახალი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ბოლო 5 წლის მანძილზე, ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ყველაზე დაბალია.

“ძალიან შემაშფოთებელია, რომ ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ისტორიულ მინიმუმზეა. 2016 წლის მარტში 68 პროცენტი უჭერდა მხარს, ხოლო ნოემბრის კვლევით, 61 %. ეს შედეგები კარგად ასახავს მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკას,” – ამბობს ოთარ კახიძე.

დეპუტატის აზრით, ხელისუფლება დეკლარირებული აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თუმცა,  პრორუსული განწყობების გაძლიერებას უწყობს ხელს:

“საქართველოს ხელისუფლებისა და გაზპრომის შეთანხმება, ხელისუფლების მიერ პრორუსული მედია საშუალებების დაფინანსება და “პატრიოტთა ალიანსის” პარლამენტში შემოყვანა და მათთვის სასათბურე პირობების შექმნა – ეს ხელისუფლების პოლიტიკაა. ხელისუფლება ერთი მხრივ, დეკლარირებულად ნატოს და ევროკავშირის მხარეასაა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში პრორუსული განწყობების გაზრდას უწყობენ ხელს,” – აღნიშნავს კახიძე.

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა კიდევ შემცირდა, ხოლო მოწინააღმდეგეების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 5 წლის მანძილზე, ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა ყველაზე დაბალია.

გამოკითხულთა 61%-ისთვის  მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ხოლო 25% ნატოში გაწევრიანებას მიუღებლად მიიჩნევს. NDI-ის 2016 წლის მარტის თვის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღები იყო, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ხოლო 19%-ისთვის მიუღებელი. ნატოს წევრები მხარდამჭერების რაოდენობა ყველაზე დაბალი 2012 წლის ივნისში  იყო და 62 %-ს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი