ახალი ამბები

NDI: მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული 2009 წლიდან უცვლელია

16 იანვარი, 2017 • 1618
NDI: მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული 2009 წლიდან უცვლელია

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ დღეს წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებს შორისაა დასაქმება (58%), მზარდი ფასები და ინფლაცია (38%) და სიღარიბე (30%).

Screen Shot 2017-01-16 at 11.10.49 AM

წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობის უმრავლესობა (66 პროცენტი) თავს კვლავაც უმუშევრად მიიჩნევს, მაშინ, როცა მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. 17% ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის 82 პროცენტი ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012-ის შემდეგ მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა იგივე დარჩა ან გაუარესდა.

მოქალაქეების 32-მა პროცენტმა განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც გასული წლის მარტის შემდეგ 12-პროცენტიან ზრდაზე მიუთითებს, თუმცა უმრავლესობა (63 პროცენტი) ფიქრობს, რომ საქართველო არ იცვლება ან არასწორი მიმართულებით ვითარდება.

“ბოლო წლებში, უკვე მერამდენედ, მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკა მათთვის და ქვეყნისთვის მთავარ პრობლემად რჩება და ამ მიმართულებით შვებას ვერ გრძნობენ. ახლა, როდესაც არჩევნები უკან მოვიტოვეთ, ახალ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ენიჭება, რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის ამ წუხილზე და საკუთარი ყურადღება და რესურსები უმუშევრობის შემცირებასა და ქვეყნის სუსტი ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებაზე გადაიტანოს,” – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის დირექტორმა საქართველოში.

აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი