“ენმ-ის გაყოფის ინტერესი ამ ეტაპზე სააკაშვილს უფრო ჰქონდა” – ინტერვიუ გია ნოდიასთან

რა გავლენას მოახდენს ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების წასვლა ახლა უკვე ორი პარტიის რეიტინგებზე, რამდენად მომგებიანია მმართველი პარტია “ქართული ოცნებისათვის” ენმ-ის ორ ნაწილად გაყოფა, – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი”  პოლიტიკის მეცნიერ გია ნოდიას ესაუბრა.

-როგორ აფასებთ ენმ-ში განვითარებულ მოვლენებს, რა უფრო მართებულია, რომ ვთქვათ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაიყო თუ პარტია დაიშალა. თქვენი აზრით, როგორ გავლენას მოახდენს ეს ამ ორი პარტიის რეიტინგებზე?

-ცხადია, კონფლიქტის მონაწილეები ისეთ სახელს დაარქმევენ მოვლენებს, რაც პოლიტიკურად აძლევთ ხელს. ჩვენ კი მხოლოდ ფაქტებით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ. ერთი ფაქტი ისაა, რომ პარტიის საპარლამენტო დეპუტაციის უდიდესი უმრავლესობა, აგრეთვ,ე თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ბოლო წლებში პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებდა, ახალ პარტიაშია. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ფრთა აცხადებს, რომ რიგითი აქტივისტების და მომხრეების დიდი უმრავლესობა მათ მხარესაა, ამიტომ პარტია „მათია“. ამ უკანასკნელი პრეტენზიის დასაბუთება ძნელია, უფრო სწორად, პრაქტიკულად შეუძლებელია, ზუსტად ვთქვათ, პარტიის ამომრჩეველთა რა ნაწილი უჭერდა მას მხარს მხოლოდ ან ძირითადად სააკაშვილის გამო, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი მართლაც ძალიან ბევრი, შესაძლოა – უმრავლესობა იყო.

ასევე ფაქტია, რომ ახალმა პარტიამ არჩია, არ დალოდებოდა ყრილობას და პარტიიდან გასვლის შესახებ გაეკეთებინა განცხადება, ანუ აღარ ეცადა პარტიის სახელის მისაკუთრებისთვის ბრძოლაში ჩართვა; ამით მან ირიბად აღიარა, რომ პარტია სახელით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც „მიშასია“. ამან საშუალება მისცა სააკაშვილის ფრთას, ილაპარაკოს, რომ პარტია კი არ გაიყო, არამედ მას მცირე ჯგუფი გამოეყო, როგორც მანამდე „გირჩი“ ან ვაშაძის ჯგუფი. თუმცა, მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით, ასეთი შედარება კრიტიკას ვერ უძლებს. პარტიას მისი ხელმძღვანელი პირები და, უპირველეს ყოვლისა, მისი საპარლამენტო დეპუტაცია განასახიერებს. თუნდაც ჩავთვალოთ, რომ რიგით მომხრეთა და აქტივისტთა უმრავლესობა მიშას მხარესაა, ეს პარტია ბოლო არჩევნებზე პარლამენტში იმ ხალხის გასაყვანად იბრძოდა, ვისაც ახლა ემიჯნება. ასე რომ, ეს ორ ნაწილად გაყოფაა და სუბიექტური შეფასების ამბავია, რომელი ნაწილია უფრო მნიშვნელოვანი.

-როდესაც შეაფასეს ბოკერიას და მისი თანამოაზრეების ეს გადაწყვეტილება, ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი პირები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც, ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. ისინი ამბობენ, რომ ეს პროცესები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს “ქართული ოცნებისთვის” ნაციონალური მოძრაობის ორად გაყოფა?

-გაყოფა რომ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, ამაში არც მე მეპარება ეჭვი: ამით არსებითად დასუსტდა ძირითადი ოპოზიციური ძალა, რომლის საბოლოოდ განადგურებას ბიძინა ივანიშვილი თავის მომხრეებს წლების განმავლობაში ჰპირდებოდა. ამას თანაბრად აღიარებენ როგორც მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები, ისე მეორე ფრთა. სხვა ამბავია, ვინ არის პასუხისმგებელი გაყოფაზე. ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა მეორეს დააკისროს. მე მეჩვენება, რომ გაყოფის ინტერესი ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს უფრო ჰქონდა. მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭომ მისი აზრის საწინააღმდეგოდ პარტიის პარლამენტში შესვლის და მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, ცხადი გახდა, რომ პარტია მას აღარ ემორჩილება, ის აღარ არის მისი არაფორმალური ლიდერი. როგორც ჩანს, ეს ვითარება მისთვის მიუღებელი იყო და ის ღია კონფლიქტზე წავიდა. ცხადია, იყო მისი ერთგული აქტივისტების აქტივობაც სოციალურ ქსელებში, მაგრამ, სურვილის შემთხვევაში, სააკაშვილს ერთი-ორი საჯარო გაცხადებით ადვილად შეეძლო ვითარების განმუხტვა. მეორე მხარეს დიდხანს ჰქონდა იმედი, რომ მასთან საერთო ენას გამონახავდა და გაყოფას თავიდან აიცილებდა, მაგრამ საბოლოოდ დაინახა, რომ ეს იმედი უსაფუძვლოა.

1111

ენმ-დან წამოსული პოლიტიკოსები პარტიიდან წამოსვლის შესახებ გამართული პრესკონფერენციის წინ. 12.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

სხვა ამბავია ბრალდება, თითქოს ვიღაცა ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა. ასეთ კონკრეტულ ბრალდებას კონკრეტული დასაბუთება სჭირდება, რაც არ მოგვისმენია. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რომ ოპონენტები ერთმანეთს სრულიად უსაბუთოდ ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებენ.

-დაპირსპირების ერთ-ერთი ძირითადი საკითხი პარლამენტში შესვლა იყო. დღეს, როდესაც პარტია გაიყო, დარჩენილი ლიდერების ნაწილის არგუმენტია, რომ რადგან საპარლამენტო მანდატები დეპუტატების იმ ნაწილმა, რომელმაც პარტია დატოვა, ნაციონალური მოძრაობის სახელით მოიპოვეს, წასვლის შემდგომ მათზეც უარი უნდა თქვან. როგორც ფიქრობთ, პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა პარტიის დატოვების შემდგომ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნება?

-არ ვიცი, რას ამბობს ამაზე კანონმდებლობა, მაგრამ აქ მთავარია პრინციპი: ხალხმა ხმა მისცა გარკვეულ სიას, გარკვეულ ადამიანებს, ამიტომ არჩევნების შემდეგ სიის რევიზია დაუშვებელია. ის, რომ ამომრჩეველმა ამ ადამიანებს ხმა „მიშას ხათრით“ მისცა, უსაფუძვლო სპეკულაციაა. ამ მხრივ მე ვერ დავეთანხმე პარტიის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელების გადაწყვეტილებასაც, ექვსი კაცი, რომელიც პარტიის მიმართ, მათი აზრით, არასწორად მოიქცა, სიიდან ამოეღოთ. შეიძლება სხვა დისციპლინური ზომა მათ მიმართ სწორი იქნებოდა, მაგრამ არა სიიდან ამოღება (მერე რა, რომ არც ერთ მათგანს ამ „ამოღებით“ საპარლამენტო მანდატი არ დაუკარგავს). მით უმეტეს, აბსურდულია საუბარი საპარლამენტო მანდატების დატოვებაზე, როდესაც საქმე პარტიის სიის (ყოველ შემთხვევაში, მისი „გამსვლელი“ ნაწილის) აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება.

-რაც შეეხება ენმ-ში დარჩენილ დეპუტატებს, თუ დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იყო, რამაც საბოლოო ჯამში, სხვა საკითხებზე უთანხმოებასთან ერთად პარტიის გაყოფა გამოიწვია, ისინი რატომ რჩებიან საკანონმდებლო ორგანოში?

-ეს უკვე მათ უნდა ჰკითხოთ. ჩემი აზრით, მათი პარლემენტში დარჩენა, თქვენივე მითითებული მიზეზით, არალოგიკურია. რა თქმა უნდა, ადამიანებს შეუძლიათ, სიტუაციის ცვლილებასთან ერთად შეცვალონ ძველი პოზიცია. მაგრამ როგორც მინიმუმი, მათ უნდა აუხსნან ხალხს, რითაა გამოწვეული ეს ცვლილება.

-პროცესებს რომ დავაკვირდეთ, ლიდერები ტოვებენ პარტიას და ეს ფასდება, როგორც ღალატი. ასე მოხდა, როდესაც ზურა ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ დატოვეს ეს პარტია. ახლა სხვა ლიდერები, მათ შორის გიგა ბოკერია აღმოჩნდა მათ ადგილას, რომელიც თავადაც უპასუხისმგებლო ქმედებად აფასებდა ჯაფარიძის ამ გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობთ, რა ფენომენია ეს ქართულ პოლიტიკაში?

-„უპასუხისმგებლო ქმედება“ და „ღალატი“ არსებითად სხვადასხვა ბრალდებებია, ისინი ერთ დონეზე არ შეიძლება დავაყენოთ. „ღალატი“ რაღაც კონრეტულის მიმართაა: ვინ ვის ან რას „უღალატა“? პოლიტიკაში მთავარი ბრალდება პრინციპების ღალატია, მაგრამ პრინციპები სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით. ამიტომ ეს ენა არაპროდუქტიული მგონია, თუ არ იტყვი, კონკრეტულად რას გულისხმობ.

მაგრამ, ზოგადად, როდესაც ყოფილი თანაგუნდელების გზები იყრება, ეს მტკივნეული პროცესია, მაშ შორის ადამიანური ურთიერთობის თვალსაზრისითაც. არარეალისტურია ველოდოთ, რომ გუშინდელი თანამებრძოლები ერთმანეთს სიამტკბილობით დაშორდებიან და სრულიად გულწრფელად არ ჩათვლიან, რომ მეორე მხარემ „პრინციპებს უღალატა“. მთავარია, ნებისმიერი ბრალდება იყოს დასაბუთებული და მეტ-ნაკლებად კორექტული ფორმით გამოთქმული: ეს პოლიტიკოსებს კი ნამდვილად უნდა მოვთხოვოთ.

28459

გია ნოდია. ფოტო: ფეისბუკის პირადი ექაუნთიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.