ძირითადი საერთაშორისო აქტორები

1 ივლისს ძალაში შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ასოცირების შეთანხმება“, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს აძლიერებს ამ ორ მხარეს შორის. შეთანხმება საქართველოსგან მოითხოვს მასშტაბური ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სფეროებში. ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიურად 100 მილიონი ევროს (107.8 მილიონი აშშ დოლარი) დახმარება აღუთქვა რეფორმების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში რეფორმების მხარდასაჭერად.

თებერვალში საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაერთიანებული ერების სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანაგრიშში ასახული იყო კერძო და საჯარო სფეროებში გავრცელებული ძალადობა ქალთა წინააღმდეგ, რომლის მიზეზიც „ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური დამოკიდებულებები და გენდერული სტერეოტიპებია“.

სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა ოჯახში ძალადობის, მათ შორის ფემიციდის/ქალთა მკვლელობების არსებული შემაშფოთებელი დონე, პოლიციის უუნარობა, რეგისტრირებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სათანადო დაცვა, ასევე მიდგომა, რომ ასეთი ძალადობა ადამიანების პირადი საქმეა. მან ასევე შეშფოთება გამოხატა არასრულწლოვანთა და იძულებით ქორწინებების სიმრავლის თაობაზე, რაც ასეთი ქორწინებების ამკრძალავი კანონის არასათანადო აღსრულების და სოციალური დამოკიდებულების შედეგია, რომელიც ასეთ პრაქტიკას უწყობს ხელს. საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს კონვენციას „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბულის კონვენცია), მაგრამ მისი რატიფიკაცია ჯერ არ მოუხდენია.

ივნისში თბილისში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, სხვა საკითხებს შორის აღნიშნულია „მნიშვნელოვანი ხარვეზები მართლმსაჯულების აღსრულებაში, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა შერჩეულ საქმეებში“.

იანვარში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნება დართო თავის  პროკურორს, დაიწყოს ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იქნა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, ომის დროს და ომის შემდეგ.