“რესპუბლიკელები” მთავრობას მოუწოდებენ, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება გაასაჯაროონ

“რესპუბლიკური პარტია” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაასაჯაროოს „გაზპრომთან“ წინასწარ მიღწეული შეთანხმების დეტალები.

პარტიის განვხადების თანახმად,  2016 წლის ბოლოს საკონსტიტუციო უმრავლესობით ხიბლში ჩავარდნილმა ხელისუფლებამ  საზოგადოებასთან შეუთანხმებლად და ურთიერთშეუსაბამო განცხადებების გავრცელებით საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ფაქტის წინაშე დააყენა:

“რუსულ მხარეს შეუთანხმდა 2-წლიანი ხელშეკრულების დადებაზე, რომლის დეტალებზე ხელისუფლება არც გვესაუბრება.  თუმცა ის კი აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადის ანაზღაურების ფულად ფორმაზე, რაც წამგებიანია ფინანსურად და სახიფათოა პოლიტიკურად.”

პარტია ხელისუფლებას შემდეგი კითხვებით მიმართავს:

  1. “მოლაპარაკების დაწყებამდე ენერგეტიკის მინისტრი აცხადებდა, რომ საქართველოსთვის მიუღებელია გაზპრომის წინადადება, მიიღოს ფინანსური ანაზღაურება ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის მისაღები მხოლოდ ტრანზიტის სანაცვლოდ გატარებული ბუნებრივი აირის რაოდენობის 10 %-ს მიღება იქნებოდა, რაც დაახლოებით 300 მლნ მ/3-ია. რამ განაპირობა 25 დღეში პოზიციის ამგვარი მკვეთრი ცვლილება?
  2. დღეს, 11 იანვარს, მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება არის ბუნდოვანი. კერძოდ, რას ნიშნავს დაახლოებით იგივე ფინანსური შედეგი? საუბარია მხოლოდ 1000 მ3 აირის ღირებულებაზე, რაც 185 $-ია, მაგრამ არ არის ნახსენები თავად აირის ტრანზიტის ღირებულება, ანუ რამდენი $ შემოვა ბიუჯეტში ტრანზიტის მეშვეობით და ამ ახალი ხელშეკრულების პირობებში?
  3. რას ნიშნავს პირველი წელი იქნება ნაწილობრივ ფინანსური და ნატურით გადახდილი და მეორე წელი მთლიანად ფინანსური, მაშინ, როცა საქართველოში გაზის მოხმარება წლიდან წლამდე 5-დან 20 % ით მატულობს?
  4. რა იქნება 2 წლის შემდეგ, რადგან 2003 წლიდან ხელშეკრულების პირობები არ იცვლებოდა და ყოველწლიურად მიმდინარეობდა გეგმური ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. რატომ იდება ხელშეკრულება 2 წლით წინასწარ და არა ერთი წლით?”

საქართველოს  მიერ “გაზპრომთან”  დადებულ წინა ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. დეკემბერში კალაძე ორჯერ შეხვდა “გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. მესამე შეხვედრა “გაზპრომის” ხელმზღვანელობასთან გუშინ, 10 იანვარს, მინსკში გამართა და იქიდან დაბრუნებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკემბრის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, “გაზპრომისგან” საინტერესო და საბოლოო წინადადებები მოისმინა.

აქამდე მოქმედი კონტრაქტით, საქართველო გატარებული გაზის მოცულობის  10 პროცენტს იღებდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი ამბობს, ახალი კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ამ 10 პროცენტის საფასურზე ნაკლებია.

სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურზე მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასა და გაზპრომს შორის 2015 წელსაც მიმდინარეობდა. ამ პერიოდში “რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საკითხის განხილვაში. 2015 წლის დეკემბერში პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერა გამოაქვეყნა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.