ახალი ამბები

პრესსპიკერი პრეზიდენტის სიძის დაჭრაზე – ვერ ვისაუბრებთ ვარაუდებსა და ვერსიებზე

12 იანვარი, 2017 • 1906
პრესსპიკერი პრეზიდენტის სიძის დაჭრაზე – ვერ ვისაუბრებთ ვარაუდებსა და ვერსიებზე

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გუშინ, 11 იანვარს, პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა. მიშველაძის თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და პრეზიდენტის აპარატი მის დასრულებას დაელოდება:

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრეთ ვერანაირ ვარაუდებზე და ვერსიებზე. ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და, შესაბამისად, ველოდებით მის დასრულებას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება ეს ყველაფერი ეფექტური” – ამბობს ეკა მიშველაძე.


11 იანვრის საღამოს, საბურთალოზე, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ ეტაპზე ვერ გვეუბნებიან, დააკავეს თუ არა ვინმე გუშინდელ საქმეზე. მათი ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 119-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით. დამატებით დეტალებზე 12 იანვრის დილისათვის არც შსს-ში საუბრობენ.

2016 წლის 25 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ცდილობდნენ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ საუბარი იყო პოლიციის მხრიდან პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე. როგორც ადვოკატი ამბობდა, პოლიციელებმა მინდია გოგოჭურს გარკვეული პერიოდი უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება. პრეზიდენტის სიძე 2016 წლის 27 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი