ახალი ამბები

მინისტრის მოადგილის თქმით, გაზის ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოა

12 იანვარი, 2017 • 3437
მინისტრის მოადგილის თქმით, გაზის ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოებაა. ამის შესახებ მან საზოგადოებირივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

აქამდე მოქმედი კონტრაქტით, საქართველო გატარებული გაზის მოცულობის  10 პროცენტს იღებდა. როგორც მარიამ ვალიშვილი ამბობს, ახალი კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ამ 10 პროცენტის საფასურზე ნაკლებია.

” ყოველწლიურად იმართება ეს მოლაპარაკებები, გარემოებები იცვლება, მაგრამ  შარშან, როდესაც დავასრულეთ მოლაპარაკება და მოვახერხეთ იგივე პირობების შენარჩუნება, ცალსახა პოზიცია დაფიქსირდა რუსული მხარისგან, რომ  2017 წელს  კატეგორიულად მოითხოვდნენ მონეტიზაციას. მათგან  იყო მითითება, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა,  რომ მონეტიზაციით ხდება ანალოგიური სერვისების მიწოდება.  ჩვენ მონეტიზაციის თავისთავად წინააღმდეგი არ ვიყავით, თუმცა სამართლიანი საფასურის მიღება გვინდოდა იმ ხარჯების ასანაზღაურებლად, რომელსაც ვახორციელებთ გაზის გატარებისას. ამ ხელშეკრულებაში ასახული პირობები ერთ-ერთი საუკეთესოა, თუნდაც ევროპული პრაქტიკიდან გამომდინარე.”

მინისტრის მოადგილის თქმით, ასეთი კონტრაქტების შინაარსი გასაიდუმლოებულია:

“კონკრეტულ თანხას  ვერ დაგისახელებთ, რადგან ეს კომერციული საიდუმლოებაა და ვერც ერთ ხელშეკრულებას მეტყვით, როცა სატრანზიტო თანხა საჯაროა, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება, რაც კი შეიძლება ამ  ინდუსტრიაში არსებობდეს. რასაკვირველია, ეს არ არის 10%, რასაც აქამდე ვიღებდით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ფასი, რასაც ტრანზიტიორი ქვეყანა იღებს. ჩვენ ასევე გვინდოდა, რომ გაზის მოწოდების კონტრაქტი მიბმული არ ყოფილიყო  სატრანზიტო საფასურზე, რაც ასევე განხორციელდა. მოლაპარაკების ეს შედეგი გაზის ფასზე ზეგავლენას არ იქონიებს.”

მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, გასული წელს დაახლოებით 180 მილიონი კუბური მეტრი უფასო ბუნებრივი აირი მივიღეთ.

“რაც შეეხება მოცულობების შეძენას, ჩვენი ძირითადი მოცულობების 90%-ზე მეტის მოწოდება ხდება აზერბაიჯანიდან, ორი მილსადენიდან- შაჰ-დენიზიდან  და ეგრეთ წოდებული “ყაზახის” მილსადენიდან. ჩვენი უზრუნველყოფა მომავალშიც განხორციელდება აზერბაიჯანიდან.  რუსეთისგან  შეგვეძლება ათასი კუბური მეტრის 185 ამერიკულ დოლარად შეძენა, რაც  არ არის ცუდი ფასი. ეს გაზი არ არის, ასე ვთქვათ, კომერციული სექტორისთვის გამიზნული, ეს არის დეფიციტის დასაბალსნებლად.”

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ 2017 წელი  გარდამავალი ეტაპი იქნება, რადგან საჭიროა ენერგეტიკული ბალანსის დადგენა.

“გარდამავალი პერიოდი გვჭირდება და  ამაზე რუსული მხარე დაგვთანხმდა, წელს ნაწილობრივი ანაზღაურება მოხდება. 2017 წელი  იქნება ე.წ. ჰიბრიდული ვარიანტი, ხოლო 2018 წლიდან კი სრულად ფულად ანაზღაურებაზე გადავალთ.  ტარიფი პირველ რიგში უნდა ასახავდეს იმ დანახარჯებს, რომელიც გაიწევა ამ მომსახურებისთვის, და მოგების გარკვეულ ნორმას. თუ ამ მილსადენს დასჭირდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, ეს შესაბამისად ასახვას ჰპოვებს ტარიფზე. ესაა ლოგიკა,  ჩვენ უფასოდ ამ სერვისის გაწევას არავინ არ გვთხოვს და უფლება გვაქვს, ადეკვატური ანაღაურება მოვითხოვოთ. ”

საქართველოს  მიერ “გაზპრომთან”  დადებულ წინა ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. დეკემბერში კალაძე ორჯერ შეხვდა “გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. მესამე შეხვედრა “გაზპრომის” ხელმზღვანელობასთან გუშინ, 10 იანვარს, მინსკში გამართა და იქიდან დაბრუნებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკემბრის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, “გაზპრომისგან” საინტერესო და საბოლოო წინადადებები მოისმინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი