მოვლენები
მარიხუანა, გირჩი

პოლიციამ გირჩის ოფისიდან მარიხუანის ჩითილები წაიღო

“გირჩის” თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პოლიციელებმა პარტიის ოფისში დათესილი მარიხუანის 80 ჩითილი აღწერეს, შეფუთეს და წაიღეს.

“სათითაოდ აღწერეს ყველა ქოთანი, რა წარწერა ჰქონდა, რა ზომაზე იყო კანაფი გაზრდილი. შემდეგ ქოთნები შეფუთეს და წაიღეს. ძალიან კორექტულად იქცეოდნენ. არ ვიცით, როგორ გაგრძელდება პროცესი. ზოგადად, არ მესმის, რატომ უნდა იყოს დაკავებული პოლიცია ამ რაღაცებით და ამაში რატომ უნდა ვუხდიდეთ გადასახადების გადამხდელები ფულს,” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

დღეს, 11 იანვარს „გირჩის“ ოფისში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა.ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად 31 დეკემბერს პარტიის წევრებმა “გირჩის” ოფისში მარიხუანა საჯაროდ, ჟურნალისტების თანხლებით დათესეს.

მაშინ იქ პოლიცია არ მისულა, იმის მიუხედავად, რომ ამ აქციის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი და, როგორც პარტიის წევრების აცხადებენ, არც შემდეგ გამოჩენილან.

31 დეკემბერს პოლიციამ “გირჩის” ოფისში მარიხუანის დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც 11 იანვარს პარტიის წევრები აცხადებენ, პოლიციას ახლა იმის გარკვევა სურს, დათესილი მცენარე ნამდვილად მარიხუანა არის თუ არა.

ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.