ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ეკლესიის დანგრევაზე პრეზიდენტის აპარატი საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

11 იანვარი, 2017 • 24973
აფხაზეთში ეკლესიის დანგრევაზე პრეზიდენტის აპარატი საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და რუსების მიერ მე-19 საუკუნის ეკლესიისა და ებრაული სასაფლაოს განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი შეეხო “ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს  და იმ ქმედებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ხორციელდება”.

 „ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გახდეს საერთაშორისო მონიტორინგის ობიექტი და საერთაშორისო მონიტორებს ჰქონდეთ საშუალება, ადგილზე შეისწავლონ არსებული ვითარება. ეს არ არის პირველი საგანგაშო სიგნალი, რომელსაც ვღებულობთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი მონიტორების უშუალო ჩართულობა”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისი განცხადებით, ევროსაბჭოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღესდღეობით  საოკუპაციო ძალები არ აძლევენ საშუალებას, რომ ადგილზე ჩაატარონ მონიტორინგი, მაგრამ მათ შეუძლიათ გაგვიწიონ დახმარება იმისათვის, რომ ეს საკითხი ფართოდ იქნას განხილული საერთაშორისო თანამეგობრობაში.

მომხდარს გუშინ, 10 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა:

„გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით. სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს 19-ე საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო. ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება”, – წერია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

გამოცემა ეხოკავკაზას ადგილობრივი კორესპონდეტის ცნობით, 2016 წლის 3 იანვარს სოფელ წებელდაში [გულრიფშის მუნიციპალიტეტი] გარკვეული ტერიტორია, რომელიც 2011 წლის შემდეგ აფხაზურმა მხარემ რუს სამხედროებს სამხედრო პოლიგონისთვის გადასცა, მძიმე ტექნიკა შეიყვანეს და სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული მე-19 საუკუნის ეკლესიის ფრაგმენტების ნგრევა დაიწყეს. ადგილობრივი მორწმუნეები აღნიშნულ ტერიტორიას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ. სწორედ მათივე დაჟინებული მოთხოვნით, აღნიშნული სამუშაოები შეჩერდა. ფაქტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და შესაბამისი სპეციალისტები სწავლობენ. შესაბამისი აქტი შედგა პოლიგონის ხელმძღვანელზე, ვიქტორ გრიშენკოზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი