ახალი ამბებიეკონომიკაკომენტარი

მანანა ქოჩლაძე: ენერგეტიკის სფეროში არც ერთი კონტრაქტი არც ერთ ექსპერტს არ უნახავს

11 იანვარი, 2017 • 3576
მანანა ქოჩლაძე:  ენერგეტიკის სფეროში არც ერთი კონტრაქტი არც ერთ ექსპერტს არ უნახავს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საქართველო ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ხელშეკრულების განახლებული პირობების შეფასება “ნეტგაზეთმა” არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარეს, მანანა ქოჩლაძეს სთხოვა. გთავაზობთ მასთან მოკლე ინტერვიუს:

დღეს საქართველოს მთავრობამ “გაზპრომთან” განახლებული ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობაც, რომელსაც ქვეყანა გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, არაა ცნობილი. ამის მიუხედავად, როგორ აფასებთ განახლებულ ხელშეკრულებას?

არ ვიცით, კონკრეტულად რაში მდგომარობს შეთანხმება გარდა იმისა, რომ მოხდება ფულადი გადახდა. გარდა იმისა, რომ ფასიც არაა ცნობილი, მისი ცოდნაც  არ არის საკმარისი იმისთვის,  რომ შეფასდეს, რამდენად კარგია კონტრაქტი – უნდა ვიცოდეთ, რა წერია, რას გვთავაზობს მხარე, იმისათვის, რომ შევაფასოთ.   ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აქ მთავარი ის კი არ არის, რა ფასს შემოგვთავაზებს “გაზპრომი”, ან ჩვენ რა ფასს შევთავაზებთ, არამედ ის, თუ  როგორ დგინდება  ეს ფასი – ეს არის მნიშვნელოვანი. ფასის დადგენა უნდა მოხდეს თავისი წესით,  ევროკავშირის დირექტივის მიხედვით,  თუ გვინდა, რომ შევასრულოთ თუნდაც იგივე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნა.

ამისთვის საჭიროა, რომ გაზის სახელმწიფო კორპორაციამ დაითვალოს, რა უჯდება გაზის ტრანზიტი. ჩვეულებრივ, ითვლიან ათას კუბურ მეტრს ყოველ ას კილომეტრზე და ეს ხარჯი შემდგომ უნდა დაამტკიცოს მარეგულირებელმა კომისიამ. ესაა მნიშვნელოვანი, რომ იყოს გამჭვირვალობა და არა ის, რომ “გაზპრომმა” უთხრა – მე ამ ფასს გადაგიხდი და საქართველოს მთავრობა დათანხმდა.  შეთანხმება, რომ ვთქვათ, ზუსტად ასეთივე ანაზღაურება ხდება მაგალითად სლოვაკეთთან, რომ “გაზპრომი” გაზის ტრანზიტის ფულს უხდის სლოვაკეთს,  მაგრამ, აი, როგორ ხდება ეს ფასის წარმოქმნა,  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სწორედ ეს გვაძლევს იმის გარანტიას, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს სექტორში.

როგორც ვხვდები, თქვენ ემხრობით ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებას?

ჩვენ არ ვემხრობოდით იგივე იმ ათი პროცენტის გაზის სახით მოწოდებას  იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს მაინც ფასდებოდა გარკვეულწილად რაღაც ფასად. აი, მაგალითად, თუ გახსოვთ, 2012 წელს დაიწყო ამაზე უცებ ლაპარაკი,  იქ იყო ერთი ასეთი საინტერესო რამ – ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა ხეთაგურმა თქვა, რომ ეს გაზი, 10 % , რომელიც მოგვეწოდება,  არის სოციალური გაზი, რომელსაც ძალიან იაფად, სადღაც 110-დან 143 დოლარამდე ვღებულობთ. მაშინ, როდესაც იგივე გაზის ტრანზიტის საფასური სოკარისთვის არის 55 დოლარი. ეს გაურკვევლობები თავისთავად, რომ ჩვენ  გაზის ხელშეკრულების არც ერთი ტექსტი არ ვიცით,  ქმნის იმის საშიშროებას, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველ წელს თანხმდებიან რაღაცა გარკვეულ ფასზე, 10 % იქნება თუ 15 % , რაღაც თავის კოგნიტურ ინტერესებს იკმაყოფილებენ, რომელიც შეიძლება კორუფციულიც იყოს. იმიტომ, რომ ვის მიეწოდება შემდეგ ეს იაფი გაზი, ან უფრო ძვირი გაზი,  არავინ არ იცის სინამდვილეში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამაზე იყოს ლაპარაკი, რომ ეს კონტრაქტი იყოს გამჭვირვალე ისეთივე წესებით, რა წესებიც არსებობს ევროკავშირში.  ჯერ კომპანიამ  და მერე მარეგულირებელმა განიხილონ დანახარჯები, იმიტომ, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ისინი უფასოდ გვიტოვებენ 10%-ს გაზისას, რასაც აწვდიან სომხეთს,  ეს უფასო არ არის. უფასო არ არსებობს არაფერი. ამის ფასში შედის იგივე გაზსადენის მომსახურება,  როგორც დისპეტჩერიზაცია,  ასევე, მისი შეკეთებისთვის საჭირო ფინანსები. შესაბამისად, როგორ ისახება ეს შემდეგ ხარჯთაღრიცხვაში, ჩვენ ეს არასოდეს არ ვიცით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ამიტომ გადავიდა მოფლიოს პროგრესული ნაწილი მონეტიზაციაზე,  იმიტომ, რომ მონეტარიზაციის პროცესი და წესები, რომელიც არსებობს,  გარკვეულწილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს მეტი წესრიგი იმაში,  რაც ხდება.

მინისტრმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ მონეტიზაცია საერთაშორისო პრაქტიკაა. თქვენი შეფასებით, რამდენად თანხვედრაშია ეს ხელშეკრულება ამ კუთხით ევროპულ სტანდარტებთან?

ჩვენ თუ გვინდა,  რომ კორუფცია როგორმე აღმოვფხვრათ ენერგეტიკის სფეროში, უნდა გადავიდეთ საერთაშორისო სტანდარტებზე. პოლიტიკურადაც, თუ პოლიტიკურად ვაფასებთ, იმაში, რომ გაზპრომი ფულს გადაიხდის და არა გაზს მოგვაწოდებს,  მე, მაგალითად, ბევრად უფრო მეტ ბენეფიტს ვხედავ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში “გაზპრომი” ისევე იწყებს ჩვენთან მოქცევას, როგორც სლოვაკეთთან, უნგრეთთან და სხვებთან. ასეთი მიდგომა ჰქონდათ იმავე უკრაინასთან 2016 წლამდე და, სხვათა შორის, 2016 წელს, როდესაც უკრაინამ ევროკავშირის ენერგოგაერთიანების მოთხოვნით დაითვალა ტარიფი, თუ რამდენი უჯდებოდა ამ გაზის გადატანა, არ მოეწონა რუსეთს ეს ტარიფი და ამაზე მთელი ომი მიდის ევროკავშირს,  უკარინასა და რუსეთს შორის. იმიტომ, რომ რუსეთს მიაჩნია, რომ ის ფასი,  რომელიც დაადგინა მარეგულირებელმა და რომლითაც დაითვალა ფასი, არის ძალიან მაღალი. უკრაინა ამბობს, რომ იგივე მეთოდოლოგია გამოიყენეს, რასაც სთხოვდა ენერგოგაერთიანება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ვიცოდეთ, საბოლოო ჯამში, ამ სექტორში რა ხდება და ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია,  ვიდრე “არა გაზპრომის” ძახილი,  იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონტრაქტი 2026 წლამდე აზერბაიჯანთან და, მე იმედი მაქვს, ამ კონტრაქტის გადახედვას არავინ არ აპირებს. ისევე, როგორც რუსეთთან ჩვენ 2003 წლიდან გვაქვს ეს ყოველწლიურად განახლებადი კონტრაქტი.  ყოველ წელიწადს თავიდან დაწყება იმის, რომ “არა გაზპრომს”, ჯობია ვილაპარაკოთ უფრო მეტ გამჭვირვალობაზე  ენერგოსექტორში.  ალბათ, რაღაცაზე საზოგადოებამაც უნდა იფიქროს,  რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის –  იყოს უფრო მეტი გამჭვირვალობა,  თუ ვილაპარაკოთ იმაზე,  რომ რაღაცა სუბსიდირება ხდება გაზის, რომელიც, საბოლოო ჯამში, არ ხდება.  ტარიფი მაინც მაღალია  იმიტომ, რომ ეს სხვა, შეიძლება თუნცად იგივე კორუფციის შედეგიც იყოს. ამ წუთში ჩვენ არ ვიცით, გაზის სექტორში საერთოდ რა ხდება.  არც ერთი კონტრაქტი არც ერთ ექსპერტს არ უნახავს. ამას ვამბობ დარწმუნებით.

მთავრობის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ გაზის მოხმარება ქვეყანაში იზრდება და სეზონური დეფიციტის არსებობის შემთხვევაში, საქართველო “გაზპრომისგან” ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასში მიიღებს.

გაზის საბაზრო ფასს ყველა ქვეყნისთვის “გაზპრომი” ადგენს ცალ-ცალკე პოლიტიკური პრეფერენციებიდან გამომდინარე. მე, მაგალითად, საქართველოს მთავრობის ადგილას თავს შევიკავებდი, პოლიტიკური ფასი გადამეხადა გაზში. სწორედ იმიტომ არის ეს მესამე მომენტი, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ – გაზის მოხმარება კი არ უნდა იზრდებოდეს ქვეყანაში, არამედ მცირდებოდეს. ამ პოლიტიკას უნდა ატარებდეს ჩვენი მთვრობა,  რომ ესმოდეს,  რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. სამწუხაროდ, სინამდვილეში, მთელი პოლიტიკა დაგეგმილია იქითკენ, რომ ქვეყანაში გაიზარდოს გაზის მოხმარება. იგივე, მაგალითად, სოფლების გაზიფიცირებაზე მაქვს საუბარი. შესაძლებელი იყო,  რომ გვეფიქრა პირველი ინვესტიციისთვის უფრო მაღალხარჯიან პროექტებზე, რომლებიც შემდგომში ესპლუატაციისას უფრო ნაკლებხარჯიანი იქნებოდა. ჩვენთვის პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს, დამოკიდებული ვიქნებით რუსეთზე, თუ ვიქნებით დამოკიდებული აზერბაიჯანზე. როდესაც ვსაუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ არც ნავთობის სექტორში, არც ელექტროენერგიის სექტორში, არც გაზის სექტორში არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული არც ერთ ქვეყანაზე ძირითადად და ამისთვის ერთადერთი გზაა ენერგიის მოხმარების შემცირება და არა გაზრდა, რასაც ასე მიესალმება ენერგეტიკის სამინისტრო.

თუნდაც სეზონური დეფიციტის აღმოსაფხვრელად რუსული ბუნებრივი აირის შეძენა გაზრდის თუ არა ქვეყნის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე?

თუ დამატებითი შესყიდვა მოხდება,  არ მგონია, ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან, მე მგონია, რომ თუ რომელიმე კომერციულ დაწესებულებას სჭირდება გაზი, მათ ყოველთვის შეუძლიათ ისევ რუსეთიდან შემოიტანონ. სხვათა შორის, ასეც ხდება. ვინაიდან საერთოდ არაფერი არ ვიცით, გაზის სექტორში რა შემოდის, რა გადის, როგორ ნაწილდება, იმდენად დახურული სექტორია – შესაბამისად, ალბათ, მთელი აქცენტი უნდა გადავიტანოთ იმაზე, რომ გავიგოთ, რა შემოდის,  რა გადის, ვინ მოიხმარს ამ გაზს და რატომ მოიხმარს.


“მწვანე ალტერნატივა”, რომელსაც მანანა ქოჩლაძე წლებია ხელმძღვანელობს,  არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის მიზანია მდგრადი განვითარებისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შექმნის ხელშეწყობა; გარემოსდაცვით საქმიანობაში შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ბიზნესის წარმომადგენლების, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების ჩართვის მხარდაჭერა; მდგრადი განვითარების, გარემოს კონსერვაციისა და აღდგენის ხელშემწყობი ფართო სოციალური ალიანსების შექმნა; ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე ლობირების გზით, გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით დესტრუქციული პოლიტიკისა და პროექტების შეცვლას ან შეჩერებას და მისაღები ალტერნატივების ხელშეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი