ახალი ამბებისამართალი

იაგო ხვიჩია: პოლიციელები მარიხუანის ჩითილებს ფუთავენ და წასაღებად ამზადებენ

11 იანვარი, 2017 • 2270
იაგო ხვიჩია: პოლიციელები მარიხუანის ჩითილებს ფუთავენ და წასაღებად ამზადებენ

პოლიტიკური პარტია “გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიციელები გირჩის ოფისში მარიხუანის ჩითილებს ფუთავენ და წასაღებად ამზადებენ.

“გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენს მცენარეებს წაიღებენ. დარწმუნებული არ ვარ, რომ მაინცდამაინც სათანადოდ მოუვლიან,”- ამბობს იაგო ხვიჩია, რომელიც ზურა ჯაფარიძესთან ერთად “გირჩის” ოფისში საგამოძიებო ღონისძიებების მიმდინარეობას აკვირდება. მათ გარდა პარტიაში არავის, მათ შორის ჟურნალისტებსაც, არ უშვებენ.

იაგო ხვიჩიას თქმით, პოლიციელები აგრესიულები არ არიან:

“მოულოდნელი არაფერი ხდება. ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ამ აქციის ფასი ის იყო, რომ ასეთი რამ უნდა მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, მშვიდად ვართ. ვნახოთ, სადამდე მივა ეს ყველაფერი. პოლიციაში დაბარება ალბათ იქნება, მაგრამ დაკავებას და მსგავს ღონისძიებებს, სიმართლე გითხრათ, არ ველოდები,”- აღნიშნავს ხვიჩია.

ამ წუთებში „გირჩის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად 31 დეკემბერს პარტიის წევრებმა “გირჩის” ოფისში მარიხუანა საჯაროდ, ჟურნალისტების თანხლებით დათესეს.

მაშინ იქ პოლიცია არ მისულა, იმის მიუხედავად, რომ ამ აქციის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი და, როგორც პარტიის წევრების აცხადებენ, არც შემდეგ გამოჩენილან.

31 დეკემბერს პოლიციამ “გირჩის” ოფისში მარიხუანის დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც 11 იანვარს პარტიის წევრები აცხადებენ, პოლიციას ახლა იმის გარკვევა სურს, დათესილი მცენარე ნამდვილად მარიხუანა არის თუ არა.

გირჩის ოფისი. 11.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანია

გირჩის ოფისი. 11.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანია

გირჩის ოფისი. 11.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანია

გირჩის ოფისი. 11.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

"გირჩის" ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“გირჩის” ოფისში საჯაროდ მარიხუანა დათესეს 31.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი