ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველო დათანხმდა “გაზპრომს” გაზის გატარების სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას

11 იანვარი, 2017 • 12985
საქართველო დათანხმდა “გაზპრომს” გაზის გატარების სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას

ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ  მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება “გაზპრომ-ექსპორტთან” ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

საუბარია საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურზე. როგორც ირკვევა, საქართველო “გაზპრომთან” ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც დაეთანხმა “გაზპრომის” მოთხოვნას, გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ  ფულადი ანაზღაურება მიიღოს.

“ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება.  იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას”, – განაცხადა კალაძემ 11 იანვარს.

კალაძის თქმით,  საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასური იქნება ერთ -ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის, თუმცა არ დაასახელა საფასურის ოდენობა, რომელიც ხელშეკრულებაში ჩაიწერება.

“ ასევე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებული ფასით. ხეშეკრულება არის მოკლევადიანი, ორი წლის ვადით.  თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა,  ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურებით ანგარშსწორება, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად”.

აქამდე საქართველო “გაზპრომ-ექსპორტისგან” ტრანზიტის სანაცვლოდ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა, თუმცა “გაზპრომი” შარშანაც და წელსაც დაჟინებით ითხოვდა საფასურის მონეტიზაციას.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტულება არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებს და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო პრაქტიკა არის მონეტიზირება”.

კალაძის თქმით,  ფინანსური თვალსაზრისით საქართველო დაახლოებით იმავე შედეგს მიიღებს, რასაც ნედლეულის შემთხვევაში იღებდა.
“თანხობრივად, ჯამში, ფინანსური შედეგი იქნება დაახლოებით იგივე. ასევე საინტერესოა ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება იმის საჭიროება, რომ წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება, ფასი 215 დოლარის ნაცვლად იქნება 185 დოლარი”, – აცხადებს კალაძე.

საქართველოს  მიერ “გაზპრომთან”  დადებულ წინა ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. დეკემბერში კალაძე ორჯერ შეხვდა “გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. მესამე შეხვედრა “გაზპრომის” ხელმზღვანელობასთან გუშინ, 10 იანვარს, მინსკში გამართა და იქიდან დაბრუნებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკემბრის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, “გაზპრომისგან” საინტერესო და საბოლოო წინადადებები მოისმინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი