EMC-მ მოკლული ტრანსგენდერი ქალის საქმეზე სასამართლოს მოსაზრებით მიმართა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოკლული ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის საქმესთან დაკავშირებით  თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის  მოსაზრებით მიმართა.

ტრანსგენდერ ქალს, ზიზი შეყილაძეს 2016 წლის 14 ოქტომბერს გ.მ.-მ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ზიზი შეყილაძე 23 ნოემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულზე ფაქტზე,  პროკურატურის ინფორმაციით, გ.მ.-ს, ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახი მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია.

“საქმის სპეციფიკის, კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ტრანსგენდერი ქალის სიცოცხლის ხელყოფას, EMC  სასამართლოს  შესაძლო სიძულვილის მოტივის (რაც დაზარალებულის გენდერულ იდენტობას ეფუძებოდა) შეფასებას და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გათვალისწინებას სთხოვს. EMC-მ სასამართლოს წარუდგინა საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა, რომელიც აჩვენებს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების რელევანტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტებსა და აუცილებლობას,” – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამ ფონზე EMC მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 1  ნაწილით გათვალისწინებული შეუწყნარებლობის მოტივის არსებობას არ გამორიცხავს  საქმეში გამოკვეთილი სხვა მოტივი (მათ შორის ანგარება) თუ გარემოებები (დანაშაულამდე არსებული ნაცნობობა) და დაზარალებულის იდენტობის გათვალისწინებით სასამართლომ აუცილებლად უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე.

EMC იმედოვნებს, რომ წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრება დაეხმარება სასამართლოს საქმეზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.