ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

11 იანვარი, 2017 • 3086
მიხეილ ჯანელიძე  რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით,  შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების არსებობა.  მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე და მათი რეალიზაციის პროცესში მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

“ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გააქტიურების აუცილებლობას. ასევე აღინიშნა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხალხთა შორისი კავშირების ხელშეწყობა.

​მიხეილ ჯანელიძემ დაგმო უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები და სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა თურქეთის ხელისუფლებისა და თურქი ხალხის მიმართ,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად,  თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

“საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და ნატოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის ეფექტური განხორციელების მიმართულებით თურქეთის მიერ გაწეული კონტრიბუციისთვის. ​”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი