აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ჩიკაგოში გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოდის. 10 იანვარი, 2017. EPA/KAMIL KRZACZYNSKI

“დემოკრატიას სჭირდებით” – ბარაკ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვა

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჩიკაგოს დროით 10 იანვარს მშობლიურ ქალაქ ჩიკაგოში გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას, ისაუბრა დემოკრატიაზე, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების პატივისცემის მნიშნველობაზე, რასიზმზე, კლიმატის ცვლილებაზე, ქვეყნის მიღწევებსა და საკუთარ ოჯახზე. 

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ დემოკრატიის რწმენა მასში თანამონაწილეობით, ღია დიალოგით მათთან, ვინც დემოკრატიას მხარს არ უჭერს და მმართველ პოზიციაზეა. მისი თქმით, “დემოკრატიას საფრთე ემუქრება მაშინ, როდესაც მისთვის არ ვიბრძვით”:

“თქვენთან ბოლო თხოვნა მაქვს, როგორც პრეზიდენტს. იგივე, რასაც 8 წლის წინ გთხოვდით, როდესაც პრეზიდენტობაზე ვიყრიდი კენჭს. გთხოვთ, დაიჯეროთ არა ჩემს შესაძლებლობაში, ცვლილებები მოვახდინო, არამედ – თქვენსაში… გამოჩნდით. ენთუზიაზმით შეუდექით ამ საქმის კეთებას. განაგრძეთ ეს საქმე. ზოგჯერ გაიმარჯვებთ, ზოგჯერ დამარცხდებით”, – თქვა მან.

ობამამ ისაუბრა სხვადასხვა წარსულის მქონდე ამერიკელებს შორის განსხვავებაზე – განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანებზე, ქვიარებზე (ლგბტქ ადამიანებზე), იმიგრანტებზე, მუსლიმებსა და ასევე თეთრკანიანი ამერიკელებზე, ვისზეც, მისი თქმით, ეკონომიკურმა ცვლილებებმა მოახდინა გავლენა. მან ამერიკელი მწერლის, ჰარპერ ლის ცნობილი რომანის, “ნუ მოკლავ ჯაფარას” პერსონაჟის, ატიკუს ფინჩის სიტყვები გაიმეორა:

“ვერასოდეს გაუგებ ადამიანს, თუკი მისი გადმოსახედიდან არ შეხედავ სამყაროს… ადამიანს ვერასდროს ბოლომდე ვერ გაიცნობ, თუ მის ტყავში არ ჩაძვერი და ისე არ გაიარ-გამოიარე”, – თქვა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა პოსტრასისტული ამერიკის იდეას არარეალისტური უწოდა, “რადგანაც რასა ჩვენს საზოგადოებაში რჩება ძლიერ და ხშირად განხეთქილების ჩამომგდებ ძალად ”, – თქვა მან.

ობამამ ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებაზეც და განაცხადა, რომ ვინც ამ პრობლემის არსებობას უარყოფს, “ყველას ღალატობს”. ობამამ მხოლოდ ერთხელ ახსენა დონალდ ტრამპის სახელი, როდესაც თქვა, რომ “ძალის რბილად გადაცემას” უზრუნველყოფს.

მადლობა გადაუხადა მეუღლეს, მიშელ ობამას, “გოგონას სამხრეთიდან” და ამ დროს ატირდა კიდეც. ასევე, მადლობა გადაუხადა შვილებს და თქვა, რომ მათი მამობა ის როლია, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობს.

პრეზიდენტმა თავისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა დაასრულა 2008 წლის საარჩევნო კამპანიაში საკუთარი სლოგანის პერიფრაზირებით: “დიახ, ჩვენ შეგვიძლია. დიახ, ჩვენ შევძელით. დიახ, ჩვენ შევძლებთ”.

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 2008 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. მას 2017 წლის 20 იანვარს ჩაანაცვლებს 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებული რესპუბლიკელი, დონალდ ტრამპი, რომელიც ობამას პოლიტიკის ცვლილებას გეგმავს.

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ჩიკაგოში გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოდის. 10 იანვარი, 2017. EPA/KAMIL KRZACZYNSKI

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ჩიკაგოში გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოდის. 10 იანვარი, 2017. EPA/KAMIL KRZACZYNSKI

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე.