ახალი ამბებიკომენტარი

“ღია საზოგადოებას დაცვა სჭირდება” – ჯორჯ სოროსის წერილი დემოკრატიის კრიზისზე

11 იანვარი, 2017 • 6196
“ღია საზოგადოებას დაცვა სჭირდება” – ჯორჯ სოროსის წერილი დემოკრატიის კრიზისზე

გთავაზობთ ცნობილი ფინანსისტისა და ფილანტროპის, ღია საზოგადოების ქსელის დამფუძნებლის ჯორჯ სოროსის წერილის თარგმანს, რომელიც მან 2016 წლის 28 დეკემბერს project-syndicate.org -ზე გამოაქვეყნა.


სანამ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე ჩემს მეგობრებს მისალოცი ბარათები გავუგზავნე წარწერით: “ამჯერად საქმე ისე აღარაა, როგორც ჩვეულებრივ. საუკეთესოს გისურვებთ პრობლემებით აღსავსე მსოფლიოში.” ახლა საჭიროდ მივიჩნევ, რომ ეს გზავნილი დანარჩენ მსოფლიოსაც გავუზიარო. სანამ ამას გავაკეთებ, მანამდე უნდა გაგეცნოთ და გიამბოთ, რას წარმოვადგენ.

მე ვარ 86 წლის უნგრელი ებრაელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ის მოქალაქე გახდა. ადრეულ ასაკშივე მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორი პოლიტიკური რეჟიმი მოვა ქვეყნის სათავეში. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ჰიტლერის გერმანიის მიერ უნგრეთის ოკუპირებამ 1944 წელს. ალბათ, დავიღუპებოდი, მამაჩემს რომ არ გაეაზრებინა, რამდენად რთული ვითარება იყო ქვეყანაში. მან საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა ებრაელებისათვის ყალბი დოკუმენტები შექმნა, რისი დახმარებითაც ბევრი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.

1947 წელს უნგრეთიდან, სადაც უკვე კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, ინგლისში გავიქეცი. ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სწავლის პერიოდში ფილოსოფოს კარლ პოპერის გავლენის ქვეშ მოვექეცი და ჩამოვიყალიბე ჩემი საკუთარი ფილოსოფია, რომელიც აგებული იყო ორ  საყრდენზე- შეცდომებისკენ მიდრეკილებასა და რეფლექსიურობაზე.

მე ერთმანეთისაგან განვასხვავებდი ორ პოლიტიკურ რეჟიმს: პირველი, როდესაც ხალხი ირჩევს ლიდერებს, რომლებმაც უნდა გაატარონ ელექტორატის ინტერესები, ხოლო მეორე, როდესაც მმართველები იმგვარად მანიპულირებენ, რომ ხალხი მათ ინტერესებს ემსახურება. პოპერის გავლენით, პირველს ვუწოდე ღია საზოგადოება, ხოლო მეორეს- დახურული.

ასეთი კლასიფიკაცია საკმაოდ მარტივია. მთელი ისტორიის მანძილზე ბევრი დონე და ვარიანტი გვხვდება- დაწყებული სწორად მართული მოდელებიდან, დამთავრებული არშემდგარ სახელმწიფოებამდე. ასევე გვხვდება ხელისუფლების სხვადასხვა ხარისხი კონკრეტულ სიტუაციაში. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ რეჟიმების ამგვარად დაყოფა გამოსადეგია. მე გავხდი პირველის აქტიური გამავრცელებელი და მეორის ოპონენტი.

მიმაჩნია, რომ დღევანდელი ვითარება ისტორიის განვითარების ამ ეტაპზე ძალიან მტკივნეულია. ღია საზოგადოებები კრიზისს განიცდიან, დახურული საზოგადოებების სხვადასხვა ფორმა კი – ფაშისტური დიქტატურიდან დაწყებული, დამთავრებული მაფიოზურ კავშირებამდე- აღმავლობის გზას ადგას. როგორ მოხდა ეს? ერთადერთი, რითიც შემიძლია შექმნილი ვითარება ავხსნა, არის ის, რომ არჩეულმა ლიდერებმა ვერ შეძლეს დაეკამყოფილებინათ ელექტორატის ლეგიტიმური მოლოდინი და მისწრაფებები; ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ელექტორატი იმედგაცრულებულია დემოკრატიისა და კაპიტალიზმის არსებული სახით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ელიტამ მათი წილი დემოკრატია მიითვისა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ გახდა ერთადერთი სუპერძალა, რომელიც თანაბრად იზიარებდა დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ამის შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ფინანსური ბაზრის გლობალიზაცია იყო. მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ გლობალიზაცია ხელს შეუწყობდა საერთო კეთილდღეობის ზრდას. ბოლოს და ბოლოს, თუ გამარჯვებულები წაგებულებს კომპენსაციას გადაუხდიდნენ, თავისთვის რაღაც მაინც დარჩებოდათ.

ამ არგუმენტებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, რადგან მათ დაავიწყდათ ის ფაქტი, რომ გამარჯვებულები იშვიათად ან საერთოდ არ გასცემენ კომპენსაციას დამარცხებულთათვის. მაგრამ პოტენციურმა გამარჯვებულებმა იდეის განსახორციელებლად  იმდენი ფული დახარჯეს, რომ თავიანთ მიზანს მიაღწიეს. ეს იყო შეუზღუდავი წარმოების მხარდამჭერთა, ან როგორც მე მათ ვუწოდებ, “ბაზრის ფუნდამენტალისტების” გამარჯვება. იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური კაპიტალი არის ეკონომიკური განვითარების შეუცვლელი ინგრედიენტი და განვითარებადი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეეძლო, გარანტირებულად ჰქონოდა საკუთარი კაპიტალი, გლობალიზაცია ცეცხლის ალივით მოედო მსოფლიოს. ფინანსურ კაპიტალს შეეძლო თავისუფლად ემოძრავა და დაბეგვრისა და რეგულაციებისთვის აერიდებინა თავი.

გლობალიზაციას მოჰყვა უფრო შორს მიმავალი  ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები. მან განაპირობა ზოგიერთი ღარიბი და მდიდარი ქვეყნების ეკონომიკური დაახლოება, მაგრამ გაიზარდა უთანასწორობა როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ქვეყნების შიგნით. განვითარებულ მსოფლიოში სარგებელი ძირითადად ერიცხებათ  ფინანსური კაპიტალის მქონე დიდ მესაკუთრეებს, რომლებიც შეადგენენ მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს. გადანაწილების პოლიტიკის ნაკლებობა უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი გახდა, რითიც ისარგებლეს დემოკრატიის ოპონენტებმა. თუმცა იყო სხვა თანმდევი ფაქტორებიც, განსაკუთრებით- ევროპაში.

32370მე ვიყავი ევროკავშირის თავგამოდებული მხარდამჭერი მისი შექმნისთანავე. მას მივიჩნევდი, როგორც ღია საზოგადოების იდეის განსახიერებას: დემოკრატიული სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც მზად არიან, სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილი საერთო კეთილდღეობას შესწირონ. ეს იყო გაბედული ექსპერიმენტი, რომელსაც პოპერი “მცირე სოციალურ ინჟინერიას” უწოდებდა. ლიდერებმა დასახეს მიზნები და დაადგინეს ფიქსირებული ვადები, ასევე მოახდინეს პოლიტიკური ნების მობილიზება, რომელიც აუცილებელი იყო დასახული ამოცანის შესასრულებლად; გააზრებული ჰქონდათ, რომ ამ გზაზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ წინ გადასადგმელ ნაბიჯს მოითხოვდა. ასე ჩამოყალიბდა ევროკავშირში ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება.

მაგრამ შემდგომში პროცესები არასწორად წარიმართა. 2008 წლის კრიზისის შემდეგ მოხალისეობრივი ხასიათის თანასწორთა ასოციაცია გადაიქცა კრედიტორებისა და მოვალეების ურთიერთობად, სადაც კრედიტორები მსესხებლებს ვალდებულებების შესრულებისას სირთულეებს უქმნიდნენ და ისეთ პირობებს უყენებდნენ, რომლებსაც მსესხებლები უნდა დამორჩილებოდნენ. მსგავსი ურთიერთობა არც მოხალისეობრივი იყო და არც თანასწორი.

გერმანია გახდა ევროპაში ჰეგემონიური ძალა, მაგრამ ვერ შეასრულა ის მოვალეობები, რომლებიც წარმატებულ ერთპიროვნულ მმართველებს აკისრიათ; უფრო კონკრეტულად, ვერ გასცდა ვიწრო ინტერესებს და ვერ დააკმაყოფილა იმ ხალხის ინტერესები, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული. შევადაროთ ერთმანერს აშშ-ის ქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გერმანიისა- 2008 წლის კრიზისის შემდეგ: აშშ-მა შეიმუშავა “მარშალის გეგმა” (Marshall Plan), რომელმაც მიგვიყვანა EU-ს შექმნამდე. გერმანიამ წამოიწყო ერთპიროვნული პროგრამა, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესზე იყო მორგებული.

გაერთიანებამდე გერმანია იყო ძირითადი ძალა, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას წინ მიუძღოდა: ის ყოველთვის მზად იყო, გაეღო მეტი, რათა გადაეფარა ისინი, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ. გახსოვთ გერმანიის მიერ შეტანილი წვლილი, როდესაც საქმე ეხებოდა ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით მარგარეტ ტეტჩერის მოთხოვნების დაკმაყოფილებას?

მაგრამ გაერთიანებული გერმანია ძალიან ძვირი დაჯდა. როდესაც “ლემან ბრაზერსი” ჩამოიშალა, გერმანიამ ჩათვალა, რომ  არც ისეთი მდიდარი ქვეყანა იყო, დამატებითი პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე რომ აეღო. როდესაც ევროპელმა ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ სხვა არც ერთ სისტემურად მნიშვნელოვან ფინანსურ ინსიტუტუციას უფლებას არ მისცემდნენ, ჩაძირულიყო, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა- საკუთარი ელექტორატის სურვილის გათვალისწინებით- განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა თავიანთ ინსტიტუციებს თავად უნდა მიხედონ. ეს იყო დაშლის პროცესის დასაწყისი.

2008 წლის შემდეგ ევროკავშირი და ევროზონა ნელ-ნელა დისფუნქციური გახდა. მაასტრიხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები აღარ შეესაბამებოდა შექმნილ ვითარებას, მაგრამ ხელშეკრულების შეცვლა უფრო და უფრო გართულდა, ალბათ, შეუძლებელიც არის, რადგან მისი რატიფიცირება ვერ მოხერხდება. ევროზონა მოძველებული კანონების მსხვერპლი გახდა, საჭირო რეფორმების ამოქმედება მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ კანონებში რაიმე ხელჩასაჭიდი მოიძებნებოდა. ამგვარად, ინსტიტუციები გართულდა, ხალხი კი გაუცხოვდა.

ევროკავშირის მოწინააღმდეგეთა მომრავლებამ კიდევ უფრო შეაფერხა ინსტიტუციების ფუნქციონირება. 2016 წელს დაშლის მომხრე ძალებს ძლიერი სტიმული მიეცათ  – თავდაპირველად ბრექსიტით, შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევითა და 4 დეკემბერს იტალიელთა მიერ საკონსტიტუციო რეფორმაზე უარის თქმით.

დემოკრატია კრიზისშია. შეერთებულმა შტატებმაც კი, მსოფლიო დემოკრატიის ლიდერმა, პრეზიდენტად აირჩია არტისტი (con artist) და სავარაუდო დიქტატორი. იმის მიუხედავად, რომ ტრამპმა თავისი ტონი მას შემდეგ შეარბილა, რაც პრეზიდენტად აირჩიეს, არ შეუცვლია საქციელი და მრჩევლები. მისი კაბინეტში არაკომპეტენტური ექსტრემისტები და გადამდგარი გენერლები არიან.

რა გველის წინ?

დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატია შეინარჩუნებს სტაბილურობას შეერთებულ შტატებში. მისი კონსტიტუცია და ინსტიტუციები, ასევე, მეოთხე ხელისუფლება, საკმაოდ ძლიერია და შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს აღმასრულებელი შტოს ექსცესებს. შესაბამისად, თავს დაიცავს, რომ შესაძლო დიქტატორი რეალურ დიქტატორად არ იქცეს.

მაგრამ უახლოეს მომავალში აშშ დაკავებული იქნება შიდა ბრძოლებით, რომლის სამიზნე უმცირესობებიც დაზარალდებიან. აშშ ვერ შეძლებს დაიცვას და გაავრცელოს დემოკრატია დანარჩენ მსოფლიოში. პირიქით, ტრამპი უფრო მეტად დაემსგავსება დიქტატორს, რაც ზოგიერთ მათგანს იმის საშუალებას მისცემს, რომ დაუახლოვდეს აშშ-ს და დანარჩენებს, რათა არავინ ჩაერიოს მის საქმიანობაში. ტრამპი პრინციპების დაცვას გარიგებებს ამჯობინებს. სამწუხაროდ, ეს უფრო ხელს შუწყობს მის პოპულარობას თავის ამომრჩეველში.

განსაკუთრებით მაწუხებს ევროკავშირის ბედი, რადგან საფრთხე ემუქრება, მოექცეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გავლენის ქვეშ, რომლის შეხედულებაც მმართველობის შესახებ ღია საზოგადოების იდეასთან შეურიგებელია. პუტინი არ არის ბოლოდროინელი მოვლენების პასიური ბენეფიციარი. მან ბევრი იშრომა ამისათვის. შეისწავლა საკუთარი რეჟიმის სუსტი მხარეები: შეუძლია მოიპოვოს ბუნებრივი რესურსები, მაგრამ ვერ აწარმოებს ეკონომიკურ სარგებელს. მან იგრძნო საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების “ფერადი რევოლუციებისგან” წამოსული საფრთხე. თავდაპირველად სცადა გაეკონტროლებინა სოციალური მედია. შემდეგ განახორციელა შესანიშნავი სვლა, გამოიყენა სოციალური მედიაკომპანიების ბიზნესმოდელი, რომ გაევრცელებინა არასწორი ინფორმაცია ელექტორატის შეცდომაში შეყვანისა და დემოკრატიის დესტაბილიზაციის მიზნით. აი, ასე დაეხმარა ტრამპს გამარჯვებაში.

სავარაუდოა, რომ იგივე მოხდება ევროპული არჩევნების სეზონზეც, 2017 წელს, ნიდერლანდების სამეფოში, გერმანიაში და იტალიაში. საფრანგეთში არჩევნების გამოკვეთილი ორი ლიდერი პუტინთან დაახლოებული პირია, რომლებიც მოწადინებული არიან მას ასიამოვნონ. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, პუტინის დომინირება ევროპაში გარდაუვალი იქნება.

იმედი მაქვს, რომ როგორც ევროპელი ლიდერები, ასევე მოქალაქეები, გაიაზრებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მათ ცხოვრებასა და ფასეულობებს, რაზეც დაფუძნდა ევროკავშირი. პრობლემა ისაა, რომ მეთოდს, რომელიც პუტინმა დემოკრატიის დესტაბილიზაციისათვის გამოიყენა, ვეღარ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აღდგეს ფაქტების მიმართ პატივისცემა  და დაბალანსებულად დავინახოთ რეალობა.

ჩამორჩენილი ეკონომიკური ზრდისა და უკონტროლო მიგრანტთა კრიზისის გამო ევროკავშირი დაშლის პირასაა. მას ისეთ პრობლემებთან გამკლავება მოუწევს, როგორიც 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში იყო. მათ, ვისაც სჯერა, რომ ევროკავშირს შველა სჭირდება, რათა თავიდან შეიქმნას, ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, უკეთესი გამოსავალი რომ მოიძებნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი