მდინარე ლუხუმი, ფოტო: ევრობანკი

„ლუხუმი 2“ – 14.3 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურისთვის

„თიბისი“ ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  14.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის (13.5 მილიონი ევროს ეკვივალენტი) დაფინანსებას გამოუყოფენ შპს „რუსთავის ჯგუფს“ საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად.

ამის შესახებ ინფორმაციას ევრობანკი ავრცელებს.

EBRD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში ევრობანკი გამოყოფს $5.6 მილიონს, ხოლო „თიბისი“ ბანკი – $8.7 მილიონს.

ამავე წყაროს მიხედვით, „ლუხუმი 2“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 17.2 მეგავატი იქნება, ხოლო მოსალოდნელი წლიური გამომუშავება -86,3 გეგავატი/საათში.

“ზაფხულის პერიოდში ჰესი ლუხუმის მდინარის რესურსს გამოიყენებს და თურქეთში ელ. ენერგიის ექსპორტის განხორციელებას შეძლებს. ზამთრის თვეებში ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილის ელ. ენერგიით მომარაგებაში. სადგურის მშენებლობა საქართველოს მაცხოვრებლებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებითა და ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდით”, – აცხადებს ევრობანკი.

EBRD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ენერგიის გამომუშავების გარდა, ამ ინვესტიციის მოსალოდნელი შედეგი  რაჭის რეგიონის განვითარების ხელშეწყობაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გზით:

“პროექტი შეესაბამება როგორც ევრობანკის, ისე საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტებს – განავითაროს განახლებადი ენერგიის გამომუშავება და ინფრასტრუქტურა ამ სფეროში.

ევრობანკის დაფინანსება და ევროკავშირის მხარდაჭერა შპს „რუსთავის ჯგუფს“ საშუალებას მისცემს დანერგოს  ევროკავშირის სტანდარები ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში და შემოიღოს უფრო ეფექტური და ხარისხზე ორიენტირებული მართვის პრაქტიკა, რითაც მაგალითს მისცემს მთელ დარგს”.

მდინარე ლუხუმი, რომელზეც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, მდინარე რიონის ერთ-ერთი შენაკადია.

ავტორი