ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟურნალისტი მეჰმან ჰუსეინოვი ბაქოს სასამართლომ დააჯარიმა და გაათავისუფლა

10 იანვარი, 2017 • 2026
ჟურნალისტი მეჰმან ჰუსეინოვი ბაქოს სასამართლომ დააჯარიმა და გაათავისუფლა

რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თავმჯდომარე, ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი ბაქოს სასამართლომ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დამნაშავედ ცნო, დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ მეჰმან ჰისეინოვი 200 მანათით [დაახლოებით 120 აშშ დოლარი] დააჯარიმა. სასამართლო სხდომა დახურული იყო.

სანამ მისი დაკავების შესახებ გავრცელდებოდა ინფორმაცია, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი (IRFS), სადაც ჰუსეინოვი მუშაობს, წერდა, რომ იგი გაიტაცეს. IRFS-ის განცხადებით, ჰუსეინოვი 9 იანვარს, საღამოს 8 საათზე, გაიტაცეს, როდესაც აზერბაიჯანის დედაქალაქის, ბაქოს ცენტრში, გოგოლისა და ჰაზი ასლანოვის ქუჩებს შორის იმყოფებოდა. ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, მასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4-5 ადამიანი მივიდა და ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა. ჰუსეინოვის ოჯახმა და კოლეგებმა ინციდენტის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს.

მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის, “სანკაქის” (SANCAQ) რედაქტორი და აქტიური კორესპონდენტია. საერთო ჯამში, ჰუსეინოვსა და მის გამოცემას ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი სოციალურ ქსელებზე. სხვა აზერბაიჯანში მომუშავე სხვა რამდენიმე ჟურნალისტის მსგავსად, “ნეტგაზეთთან” საუბრობდა, რომ აზერბაიჯანის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა ქვეყნიდან გასვლაზე უარის მიზეზს არ ეუბნებოდნენ.

ვიდეო ბლოგერმა, მეჰმან ჰუსეინოვმა უკვე იმედი დაკარგა, რომ ოდესმე აზერბაიჯანიდან გასვლას შეძლებს. შეზღუდვის მიზეზს უკვე რამდენიმე წელია არავინ ეუბნება. მეჰმანი სევინჯის მსგავსად ცდილობს ბევრი არ იფიქროს ამის შესახებ და აქტიურად მუშაობს საკუთარ ვიდეობლოგზე კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილების შესახებ.

ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა, IRFS-ის ცნობით, უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე აზერბაიჯანში. მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ, “კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნამ”, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის გაღიზიანება გამოიწვია.

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა (რომელმაც რამდენიმე თვის წინ დატოვა საპატიმრო) ფეისბუკზე წერს, რომ ეს ინციდენტი მოჰყვა ჰუსეინოვის მიერ ვიდეორეპორტაჟების სერიების გამოქვეყნებას, სადაც მინისტრებისა და პარლამენტის წევრების ძვირადღირებული ქონება გამოამჟავნა.

2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი