ახალი ამბებისამართალი

მანიფესტაციების და გამოხატვის თავისუფლება: პაატა საბელაშვილის საქმე სასამართლოში

10 იანვარი, 2017 • 2117
მანიფესტაციების და გამოხატვის თავისუფლება: პაატა საბელაშვილის საქმე სასამართლოში

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა საბელაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 დეკემბერს, თბილისში პარლამენტთან გამართული აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166 მუხლის  და შეკრებისა და მანიფესტაციის  წესის  ( 174 მუხლი) დარღვევას ედავება. სასამართლომ დღეს მხარეთა არგუმენტები მოისმინა, ნახა მათ მიერ მიწოდებული ვიდეომასალა – სასამართლოს გადაწყვეტილება კი 23 იანვარს გახდება ცნობილი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, პაატა საბელაშვილმა კანონი აქციის მიმდინარეობისას უცენზურო სიტყვების გამოყენებით დაარღვია. მათი აზრით, საბელაშვილის გამოთქმები პოლიციელის საქმიანობის დაკნინებისკენ იყო მიმართული.  პოლიციელის თქმით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო ისეთი, რომ გზის სამანქანო ნაწილის გადაკეტვა გამხდარიყო საჭირო.

“ბატონი პაატა ტრიბუნაზე იდგა და ახდენდა მოწოდებებს იქ მყოფი მოქალაქეების მიმართ. ერთ მომენტში ბატონმა პაატამ ალბათ ჩათვალა საჭიროდ, რომ ის რაოდენობა იყო მოქალაქეების მისული აქციაზე, რომ საფუძველი შეექმნათ გზის გადაკეტვის, თუმცა, სანამ ბატონი პაატა ამ მოწოდებას გამოხატავდა, როგორც ორგანიზატორი – გზა გადაკვეთეთო, აქციის რაოდენობა არ იყო ისეთი და წევრებიც ყველა ტროტუარზე შესაბამისად თავისუფლად იდგნენ” – უთხრა სასამართლოს სამსონ ნოზაძემ.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საბელაშვილმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლი დაარღვია და გამომდინარე იქიდან, რომ, მათი მტკიცებით, სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია – საბელაშვილისთვის 5 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რაზე დაყრდნობით მიიჩნია მოსარჩელე მხარემ საბელაშვილი აქციის ორგანიზატორად, სამსონ ნოზაძემ უპასუხა, რომ საბელაშვილი აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოდიოდა, რისი საშუალებაც მანიფესტაციის დანარჩენ მონაწილეებს არ ეძლეოდათ. გარდა ამისა, შსს-ის წარმომადგენლების თქმით, აქციის წევრებიც საბელაშვილს მიიჩნევდნენ ორგანიზატორად, რაზეც სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტი მეტყველებს:

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ჩვენ წინასასამართლო სხდომაზეც წარმოვადგინეთ, ასე რომ ვთქვათ, ამონაწერი ფეისბუქ გვერდიდან, სადაც მითითებულია, რომ მათი ორგანიზატორი იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე”, – თქვა მოსარჩელემ.

თავად საბელაშვილს არ უარყვია ის ფაქტი, რომ აქციის ორგანიზატორი იყო. თუმცა ბრალდებას არ ეთანხმება. საბელაშვილის თქმით, სამანქანო გზის გადაკეტვა აქციის მონაწილეთა სიმრავლით იყო გამოწვეული. როგორც საბელაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, აქციის ორგანიზატორები არ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ 10 დეკემბრისთვის პარლამენტის შენობის წინ ნაძვის ხე დაიდგმებოდა, ტროტუარზე აქციის დღეს განთავსებული იყო ამწეკრანი, რამაც დიდი ტერიტორია დაიკავა. ” თეთრი ხმაურის მოძრაობამ” საახალწლო დეკორაციების შესახებ მხოლოდ აქციის წინა დღეს გაიგო, რის შემდეგაც მერიას მიმართეს. რაც შეეხება ქუჩის გადაკეტვას, საბელაშვილი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა ორივე მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე წუთით შეიზღუდა:

“როდესაც დაიწყო ხალხმა მოგროვება, აღმოჩნდა, რომ მხარდამჭერთა ნაწილი იმდენად შორსაც კი იყვნენ განთავსებული, როგორიც არის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. სცენის წინ იყო განთავსებული ხმის გამაძლიერებელი აპარატურა. ასევე მოგახსენებთ, რომ ჩვენს აქციაში შედიოდა დიდი ბანერის გაშლა, რაც დაგეგმილი იყო პარლამენტის წინ ტროტუარზე თავდაპირველად. თუმცა ნაძვის ხის გამო ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამის განხორციელება და, ცხადია, მოსული ადამიანების რაოდენობაც უკვე იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ნელ-ნელა შუაში მდგომ ადამიანებს მოვუწოდეთ, რომ გადაეწიათ ორგანიზებულად უკან ისე, რომ არ გამოეწვიათ დარღვევები, მომხდარიყო მათი გადაწევა და გვერდებიდან ხალხს, რომელსაც არ ესმოდა, ვერ ახდენდა აქციაზე იმის მოსმენას, რისთვისაც მოსული იყო აქციაზე, ამ ხალხის წინ გადმოწევა, უფრო ახლოს ხმის გამაძლიერებელ აპარატურასთან” – ამბობს საბელაშვილი.

მისი თქმით, თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა დაიკავეს გზის სავალი ნაწილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა დაინახეს, რომ იყო საშუალება, ნაწილობრივ გაეთავისუფლებინათ სამანქანო გზა, საბელაშვილმა შეკრებილებს ამისკენ მოუწოდა. საბელაშვილის თქმით, ორგანიზატორებთან არ მისულა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელიც იტყოდა, რომ არ იყო საჭირო გზის სავალი ნაწილის შეფერხება. პაატა საბელაშვილის თქმით, პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო აქციის მონაწილეების შევიწროება, რამაც ქაოსი გამოიწვია.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობის შესახებ ბრალდებას, საბელაშვილის ადვოკატის თქმით, სიტყვით გამოსვლისას პაატა საბელაშვილი საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით სარგებლობდა, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება:

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში პირდაპირ უთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ეს არის დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი და განუყოფელი ელემენტი და მისი დაცვა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა საზოგადოების თითოეული წევრის ინდივიდუალური ინტერესისა და მისწრაფების პატივისცემას ემსახურება და ამდენად, სახელმწიფოს დემოკრატიულ ხარისხს განსაზღვრავს. სიტყვას ან ქმედებას, თუ მას გააჩნია პოლიტიკური, ან სოციალური, ან სხვა ღირებულება, კონსტიტუციური სფეროდან გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას, სხვათა უფლებებს და თავისუფლებას უპირისპირდება” – განაცხადა სხდომაზე საბელაშვილის ადვოკატმა.

მისის თქმით, საბელაშვილის შემთხვევაში, მსგავს დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შსს-ის ბრალდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის ნაწილშიც უსაფუძვლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი