ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მარგველაშვილი რუსების მიერ აფხაზეთში ეკლესიის დანგრევის გამო აღშფოთებას გამოთქვამს

10 იანვარი, 2017 • 6875
მარგველაშვილი რუსების მიერ აფხაზეთში ეკლესიის დანგრევის გამო აღშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო და აღნიშნულ ფაქტს შეგნებულად განხორციელებულ ვანდალიზმის აქტს უწოდებს.

„გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით. სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს 19-ე საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო. ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება”, – წერია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

გამოცემა ეხოკავკაზას ადგილობრივი კორესპონდეტის ცნობით, 2016 წლის 3 იანვარს სოფელ წებელდაში [გულრიფშის მუნიციპალიტეტი] გარკვეული ტერიტორია, რომელიც 2011 წლის შემდეგ აფხაზურმა მხარემ რუს სამხედროებს სამხედრო პოლიგონისთვის გადასცა, მძიმე ტექნიკა შეიყვანეს და სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული მე-19 საუკუნის ეკლესიის ფრაგმენტების ნგრევა დაიწყეს. ადგილობრივი მორწმუნეები აღნიშნულ ტერიტორიას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ. სწორედ მათივე დაჟინებული მოთხოვნით, აღნიშნული სამუშაოები შეჩერდა. ფაქტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და შესაბამისი სპეციალისტები სწავლობენ. შესაბამისი აქტი შედგა პოლიგონის ხელმძღვანელზე, ვიქტორ გრიშენკოზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი