ახალი ამბები

ნიკა მელიას აზრით, ენმ-ში ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია

9 იანვარი, 2017 • 1547
ნიკა მელიას აზრით, ენმ-ში ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას აზრით, პარტიაში ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია. ამ საკითხზე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. მელიას განცხადებით, ის ფლობს ინფორმაციას, რომ პარტიის მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ფრთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას აპირებს და ამისთვის შესაფერის მომენტს ელოდება:

“წყალგამყოფი იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ გარკვეული ჯგუფი აპირებს პარტიის რიგების დატოვებას და დღესაც არავის ღიად და საჯაროდ არ უთქვამს, რომ აპირებს პარტიის რიგების დატოვებას. მე ეს ვიცი, რომ მათ აქვთ გადაწყვეტილი და დიდი ხანია აქვთ გადაწყვეტილი. მათავარ და მნიშვნელოვანი დღე, როდესაც მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იყო დღე, როდესაც გადაწყდებოდა, ყრილობა ჩატარდებოდა 7000 დელეგატის მონაწილეობით. ამის შემდეგ გარკვეული დღეები იყო გასული, 5-6 დღე. მე გამიჩნდა ეჭვი გეგმებთან დაკავშირებით იმ ჯგუფისა, რომელთანაც მე მაკავშირებს და ვთვლი, რომ ბევრ მათგანთან მე კიდევ მექნება თანამშრომლობის და მეგობრობის საშუალება, გასვლას პარტიის რიგებიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით მე პირდაპირ დავსვი კითხვები, მივიღე არადამაჯერებელი პასუხები, მაგრამ ბოლოს, რა თქმა უნდა, დავრწმუნდი ამ განზრახვაში. რამდენიმე დღეში ეს ჯგუფი დატოვებს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ დატოვებს არა იმიტომ, რომ მათ ეს უნდოდათ, ვინაიდან ყრილობა, რომელიც ჩატარდება 20 იანვარს, ამ ყრილობისთვის მათ მიიღეს გადაწყვეტილება,  რომ ისინი ვერ იქნებიან წარმოდგენილნი როგორც ძლიერი გუნდი, მათი წინადადებები ვერ გავა”  – თქვა მელიამ “მოამბისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მელიას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბევრ პოლიტიკოსს დაუტოვებია, მათ შორის ჯგუფურადაც, თუმცა პარტია ამით არ დასუსტებულა. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ პარტია და მისი მხარდამჭერები იმსახურებენ, რაც შეიძლება სწრაფად გაცხადდეს, ვინ გეგმავს პარტიის რიგების დატოვებას.


დაპირისპირება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტიის წევრთა ნაწილი, მათ შორის,  გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაცია  მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად  მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს, ლევან ვარშალომიძეს, ზაზა ბიბილაშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, აკო მინაშვილსა და სხვა ლიდერებს დაუპირისპირდა. ძირითად საკითხებს შორის, რომელზეც პარტიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ, პარლამენტის ბოიკოტი და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღება, სააკაშვილის როლი ენმ-ის მარცხში, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა და პარტიის ყრილობის ჩატარების წესია.

უფრო ვრცლად ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირების შესახებ წაიკითხეთ აქ. გაიგეთ, რა ძირითად საკითხებზე ვერ თანხმდებიან ენმ-ის ლიდერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი