მოვლენები
15940385_720286898139639_599685866433909489_n

პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიაზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესასამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი შუამდგომლობა პროკურატურიდან სასამართლოში უკვე შევიდა.  რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

რატი გაჩეჩილაძე სამართალდამცველებმა 8 იანვარს დააკავეს და ბრალად ედება 7 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ამ მუხლით გამოძიების დაწყება არაადეკვატურია.

დანაშაულის კვალიფიკაციაზე დავა

საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს  ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.  ხოლო 120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას [ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია] და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ამ მუხლით დაკვალიფიცირება არაადეკვატურია:

“თუ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოტივი არ ჰქონდა, მაშინ ჯგუფური ხულიგნობაა (239.2.ა). თუ მოტივი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობაა, მაშინ სიძულვილის დანაშაულია და დევნა ძალის გამოყენებით”, – მიაჩნია გვარამიას.

გვარამია და მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ რატი გაჩეჩილაძემ თვითონვე დაწერა დანაშაულის მოტივის შესახებ.

რატი გაჩეჩილაძემ 7 იანვარსვე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა “აღიარება”, რომ ეს დანაშაული მან ჩაიდინა და მოტივი ასე ახსნა: ” შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან”.

რატი გაჩეჩილაძეს ამ პოსტში, სავარაუდოდ ,მხედველობაში ჰქონდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს.  თავად ბრალდებული ლევან გაჩეჩილაძის შვილია, რომელიც პრეზიენტობის კანდიდატი იყო 2008 წელს და გახლავთ “ახალი მემარჯვენეების”  დამფუძნებელი, თუმცა მან ეს პარტია მოგვიანებით დატოვა.

სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ 126-ე მუხლით ამ ქმედების დაკვალიფიცირება “შეიძლება მიზნად ისახავდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მსუბუქი სასჯელი იქნეს გამოყენებული დამნაშავის მიმართ და, შესაბამისად, მას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის გათვალისწინებული წესით“.

 

ავტორი