ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრომ მივლინებებზე 11 თვეში 370 000 ლარზე მეტი დახარჯა

9 იანვარი, 2017 • 3545
იუსტიციის სამინისტრომ მივლინებებზე 11 თვეში 370 000 ლარზე მეტი დახარჯა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრომ 2016 წლის 11 თვის განმავლობაში (1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე) თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მივლინებებზე, ჯამში, 370 837.69 ლარი დახარჯა.

ქვეყნის შიგნით მათ მივლინებებში 20 482.01 ლარი დაიხარჯა (მათ შორის, თანამდებობის პირების მივლინებაზე – 9 902.01 ლარი, სხვა თანამშრომლებზე – 10 580 ლარი). ქვეყნის გარეთ მივლინებებში კი დაიხარჯა 350 355.68 ლარი (თანამდებობის პირებზე – 300 460.90 ლარი, სხვა თანამშრომლებზე – 49 894.78 ლარი).

რაც შეეხება მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს – იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მივლინებებში (მგზავრობა, სასტუმრო, დღიური ხარჯი და დანამატი) დაიხარჯა 81 047.5 ლარი, ხოლო მოადგილეების, ალექსანდრე ბარამიძისა და გოჩა ლორთქიფანიძის მივლინებებში, შესაბამისად, 25 035.6 ლარი და 26 705 ლარი (ეს თანხა შედის სამინისტროს მიერ ჯამურად დახარჯულ 370 837.69 ლარში). დანარჩენ ორ მოადგილეს, ალექსანდრე ტაბატაძესა და მიხეილ სარჯველაძეს ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯები, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 11 თვის განმავლობაში არ ჰქონიათ.

მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამივლინებო ხარჯებში მოცემულია მხოლოდ ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯები.

მასალების გადაბეჭდვის წესი