ახალი ამბებისაზოგადოება

100 000 ლარი და მეტი – ხელისუფლება მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში

8 იანვარი, 2017 • 6987
100 000 ლარი და მეტი – ხელისუფლება მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში

„შემსყიდველისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუების და კომენტარების მომზადება და გავრცელება“, – ეს ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს პარლამენტს უნდა შეუსრულოს. ხელშეკრულება გასული წლის 30 დეკემბერს გაფორმდა. პარლამენტი არაა ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც „საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებაში“ ფულს დახარჯავს. სახელმწიფო უწყებები მათთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელებისთვის საბიუჯეტო თანხებს იყენებენ.

პარლამენტი ერთი წლის განმავლობაში შპს „ახალ ამბებს“ [მას ეკუთვნის სააგენტო interpressnews.ge] 9600 ლარს გადაუხდის. ხელშეკრულების მიხედვით, პარლამენტისთვის მისაღები ინტერვიუების მომზადების გარდა [თვეშ ერთხელ], „ინტერპრესნიუსმა“ თვეში არანაკლებ ათჯერ პარლამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების [პრესკონფერენციები, პრეზენტაციები. კონფერენციები და ა.შ.] შესახებ ანონსები და ინფორმაციები უნდა მოამზადოს, გააშუქოს და სხვა მედიასაშულებებშიც გაავრცელოს.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, პარლამენტს „ინტერპრესნიუსის“ ნებისმიერ მასალაზე წვდომის საშუალება ექნება. „შემსყიდველს უნდა ჰქონდეს მიმწოდებლის საინფორმაციო ვებ-გვერდზე განთავსებულ ანონსზე, ნიუსებზე, არქივებსა და ფოტო/ვიდეო მასალაზე შეუზღუდავად წვდომის შესაძლებლობა, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გამოყოფილ პერსონალური user/password-ის საშუალებით“, – ვკითხულობთ შპს „ახალ ამბებსა“ და პარლამენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

პარლამენტის სატენდერო პირობების თანახმად, ის ითანამშრომლებს ისეთ საინფორმაციო სააგენტოსთან, რომელსაც დღეში საშუალოდ 50 ათასი მნახველი [ვიზიტორი] ჰყავს ბოლო 6 თვის განმავლობაში. ასევე სააგენტოს უნდა ჰყოლოდა წარმომადგენლები, ჟურნალისტები რეგიონებში: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ტყიბული, თელავი, ფოთი, გურია, გორი.

„ეს არის არაეთიკური, სხვა ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ. ეს არის გავლენა მედიაზე“, – მიიჩნევს ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. მისი აზრით, როცა ჟურნალისტი ინტერვიუს წერს საკითხზე, რომელიც არაა საჯარო ინტერესის საგანი, საქმე გვაქვს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევასთან, ხოლო თუკი ინტერესი არსებობს პარლამენტში მიმდინარე ამა თუ იმ პროცესის მიმართ, მაშინ პასუხისგებლიანი მედია ისედაც უნდა ინტერესდებოდეს ამბით. ნატა ძველიშვილი პრობლემას ხედავს იმ შემთხვევაშიც, თუკი მედიასაშუალება მსგავს ხელშეკრულებას გააფორმებს და მასალის გამოქვეყნების დროს მიუთითებს, რომ მასალა არაა მომზადებული რედაქციის მიერ.

„მთავარი საკითხი აქ არის კეთილსინდისიერება მკითხველის მიმართ. ძირითადად ამ ტიპის მასალაზე არის ინგლისურენოვანი მცირე მინიშნება, რაც არ არის მკაფიოდ გასაგები მკითხველითვის. არავინ არაა ვალდებული, იცოდეს უცხო ენა და ცალკე არკვიოს, ჟურნალისტური პროდუქტი მედიასაშუალებამ მოამზადა და გადაამოწმა, თუ მისი ავტორი, მაგალითად, საქართველოს პარლამენტია“, – გვიყვება ნატა ძველიშვილი.

პარლამენტის გარდა, გასული წლის დეკემბრიდან ამ დრომდე „ინტერპრესნიუსთან“ ანალოგიური ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ; საავტომობილო გზების დეპარტამენტმა; სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა.

„საინფორმაციო სააგენტოს მომსახურებაზე“ ხელშეკრულებებს იმავე „ინტერპრესნიუსთან“ ამჟამად აფორმებენ საგარეო საქმეთა სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო.

ჩამონათვალშია სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“, რომელიც სხვა სახელმწიფო უწყებებისგან განსხვავებით, ერთი წლის მომსახურებაში მხოლოდ 8424 ლარს გადაიხდის. მაგალითად, უზენაესი სასამართლო ერთი წლის განმავლობაში მისთვის სასურველი ინფორმაციების გამოქვეყნებაში 17 650 ლარს გადაიხდის. ეს უწყება „ინტერპრესნიუსს“ მომსახურებაში ყველაზე ძვირს უხდის. მომსახურების პირობები ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების შემთხვევაში თითქმის იდენტურია.

არის თუ არა სამართლიანი, როცა სახელმწიფო უწყება ბიუჯეტის ფულს ხარჯავს მისთვის სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებაში – ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ გზით არსებულ მედიასტანდარტს აუარესებს.

„ეს არ არის საზოგადოებასთან ურთიერთობა. იმავე პარლამენტს აქვს სხვა ბევრი საშუალება, ვებგვერდი, რომელიც შიგადაშიგ ითიშება… მას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გაუმჯობესება შეეძლო. ეს არის გზა, რომელიც  მედიასტანდარტებს აუარესებს. თუ მათ სურთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის უნდა გახადონ ამბავი საინტერესო“, – მიიჩნევს ნატა ძველიშვილი.

ჩატარებულ ტენდერებში მხოლოდ ორ შემთხვევაში ჰყავდა „ინტერპრესნიუსს“ ერთადერთი კონკურენტი. ეს იყო შპს „ეტალონი-მედია“, რომელმაც შემსყიდველს გაცილებით დაბალი ფასი შესთავაზა, მაგრამ დისკვალიფიკაცია განიცადა ვიზიტორთა არასაკმარისი რაოდენობის გამო.

„საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებაში“ სხვა სახელმწიფო უწყებებიც ხარჯავენ ფულს. სხვა ტენდერებში მხოლოდ შპს „აიფიემ კვლევები“ მონაწილეობდა და გაუმარჯვია კიდეც. სასურველი ინტერვიუების მომზადებას და ნიუსების გამოქვეყნების გარდა, ამ კომპანიასთან კიდევ ერთი მოთხოვნაა დამატებული – სხვადასხავა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული მასალის კვლევა. შესაბამისად, „აიფიემ კვლევებს“, მაგალითად, თბილისის მერია 43 340 ლარს გადაუხდის, ეროვნული ბანკი – 32 400 ლარს. ამავე კომპანიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

საინტერესოა ისიც, რომ შპს „აიფიემ კვლევების“ ინტერნეტ გვერდსაც არ ჰყავს იმდენი ვიზიტორი, რა მოთხოვნაც სახელმწიფო უწყებებს აქვთ. ამ შემთხვევაში, კვლევებზე ორიენტირებული კომპანია სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე ხელშეკრულებები სხვა მედიასაშულებებთან გაუფორმებია, მათ შორის, „ინტერპრესნიუსთან“.

ერთადერთი სახელწიფო უწყება, რომელიც არც „ინტერპრესნიუსთან“ თანამშრომლობს და არც „აიფიემ კვლევებთან“, აფხაზეთის მთავრობაა. ამ უწყებას ხელშეკრულება შპს „აქცენტი ჰოლდინგთან“ გაუფორმებია. ბიუჯეტიდან 8400 ლარს აფხაზეთის მთავრობა იმისთვის დახარჯავს, რომ მისთვის სასურველი ნიუსები გამოქვეყნდეს საიტებზე: netpost.ge და accent.com.ge.

2016 წლის პირველი დეკემბრიდან დღემდე გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ინტერპრესნიუსისთვის ფარულ რეკლამაში გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 110 ათასი ლარია. თუმცა ზოგიერთი დაწესებულების მიერ ანალოგიურ მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერში გამარჯვებული ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი. რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებას კი ტენდერი ჯერაც არ გამოუცხადებია.

ინტერპრესნიუსის მთავარი რედაქტორის, ლელა ბაღდავაძის თქმით, “სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხეს არ უქმნის და ვერ შეუქმნის თანამშრომლობა, რომელიც კონკრეტული სტანდარტის დაცვით ხორციელდება და  მსოფლიო მასშტაბით აპრობირებულია”.

“ჩვენს მკითხველებს აქვთ საშუალება მარტივად განასხვავონ მასალები, ვინაიდან ხელმომწერი ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს თან ახლავს სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი NS (News from subscriber – სიახლე ხელმომწერისგან). ამას ემატება ის, რაც უკვე მოგახსენეთ – ხელმომწერის მასალა გადის სარედაქციო ფილტრს, მასალა უნდა შეესაბამებოდეს რედაქციის სტანდარტს,  რომლის უპირველესი მიზანი  დამოუკიდებლობის და ობიექტურობის უზრუნველყოფაა. სწორედ ამ სტანდარტის დაცვა განაპირობებს ჩვენი სააგენტოსადმი ნდობას, რომელიც მინდა გითხრათ, რომ წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება”, – განუმარტა ლელა ბაღდავაძემ “ბათუმელებს” წერილობითი ფორმით.

ლელა ბაღდავაძის თქმით, “სპეციალურად შევიმუშავეთ ნიშანი  NS (News from subscriber), რომელიც ხელმომწერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის აღმნიშვნელია. მისი გამოყენება „ინტერპრესნიუსში“ დანერგილია და ყველა შესაბამის მასალას თან ერთვის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე”.

თუმცა სახელმწიფო დაწესებულებების მედიასთან ამ ტიპის თანამშრომლობას პრობლემურად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. ორგანიზაციამ ამ პრობლემის შესასწავლად გასულ წელს კვლევა ჩაატარა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” რეკომენდაციით, “ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მედიასაშუალებებთან დადებული არც ერთი სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულება არ არღვევდეს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას. სახელმწიფო უწყებების სარეკლამო მოთხოვნები არ უნდა ახალისებდეს და არ უნდა მოითხოვდეს იმგვარ მოქმედებებს, რომლებიც არ არის მიზანშეწონილი ეთიკური თუ პროფესიული თვალსაზრისით. მაგალითად, არ უნდა ხდებოდეს მთავრობის საქმიანობის ფასიანი გაშუქება და სარედაქციო შინაარსის სახით პრესრელიზების გავრცელება სათანადო აღნიშვნის გარეშე. მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სარეკლამო მიზნებით გაწეული სამთავრობო ხარჯები გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად განაწილდეს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი