ახალი ამბები

ენმ-ის შიდა ბრძოლა პარლამენტში- გადააყენებენ თუ არა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან

8 იანვარი, 2017 • 2037
ენმ-ის შიდა ბრძოლა პარლამენტში- გადააყენებენ თუ არა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდთან დაპირისპირებული ჯგუფი  საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავს.

ამის შესახებ ბიბილაშვილმა 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ  ფრაქციის ხუთი წევრი ამ საკითხის დაყენებას ხვალ აპირებს.

თავად ზაზა ბიბილაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის შიდადაპირისპირების პროცესში მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა ჯგუფშია, მის მიერვე დაანონსებული შესაძლო ცვლილება შეაფასა, როგორც “საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული მცირე ჯგუფის მავნებლობა” .

“ნეტგაზეთმა” ენმ-ის იმ დეპუტატებთან სცადა დაკავშირება, რომლებიც ე.წ. ბოკერია-უგულავას დაჯგუფების წევრები არიან, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს, თუმცა ენმ-ის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დაადასტურა ეს ინფორმაცია “რუსთავი 2 “-თან და განაცხადა, რომ ორშაბათს იმსჯელებენ ამ საკითხის შესახებ ფრაქციის სხდომაზე. 

რატომ შეიძლება სურდეთ ენმ-ის დეპუტატებს ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენება?

ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ამჟამად ორი ფრაქცია აქვს – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომლის თავმჯდომარეც ნიკა მელიაა, და “ნაციონალური მოძრაობა -საქართველოს წინსვლისთვის”, რომლის თავმჯდომარეც ელენე ხოშტარიაა. ამ მეორე ფრაქციაში ძირითადად ის დეპუტატები არიან გაერთიანებული, რომლებიც პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით მოხვდნენ, თუმცა უპარტიოები არიან და ენმ-ის შიდადაპირისპირებაში ე.წ. ბაქრაძე, ბოკერია, რატიანის ჯგუფში შედიან. ხოლო ფრაქციაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის ენმ-ის სიით გასული ყველა სხვა დეპუტატი.

ნიკა მელიამ, რომლის პოზიციები ენმ-ის შიდა დაპირისპირებაში მანამდე ნათელი არ იყო,   5 იანვარს ბრიფინგი გამართა და  სააკაშვილთან დაპირისპირებული ჯგუფი გააკრიტიკა.

მელიამ, მისივე დეფინიციით, პარტიის შიგნით მოწინააღმდეგე მცირე ჯგუფი ენმ-ის ყრილობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული საკითხების გამო გააკრიტიკა:

“[ცდილობენ ] წარმოაჩინონ ყრილობა ისე, თითქოს იქ არის უამრავი დარღვევა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიის ეს მცირე ჯგუფი რეალურად აცდენილია იმ განწყობებს, რომელიც არის აბსოლუტურ უმრავლესობაში პარტიის მხარდამჭერების”.

ყრილობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით პროცედურული დავა აქვთ ბაქრაძე-ბოკერია-რატიანი-უგულავას ჯგუფს.

ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მელიას გადაყენების მექანიზმი

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის შექმნამდე მსურველებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ფრაქციის წესდებაც უნდა წარუდგინონ, რომელიც ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საკითებს არეგულირებს. პარლამენტის ვებგვერდზე  ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წესდებად გამოქვეყნებულია წინა მოწვევის ფრაქციის წესდება, როდესაც ფრაქციის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი იყო და სავარაუდოდ სწორედ ამ დოკუმენტით იხელმძღვანელებენ.

წესდების მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან  თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედი, ანუ 7 დეპუტატი [რადგანაც ამჟამად ფრაქციაში 20 წევრი ირიცხება]. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში და იგი  გადაყენებულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

უცნობია ფრაქციაში შემავალი ყველა დეპუტატის ხედვა ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე, შესაბამისად, წინასწარ რთულია ვარაუდი, თუკი მოინდომებენ, რამდენად შეძლებენ ნიკა მელიას გადაყენებას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან.

ენმ-ის პარტიულ სიიდან 8 წევრის ამორიცხვა

ენმ-ში დაპირისპირების შედეგად პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა, რომ ენმ-ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიიდან ამორიცხოს შემდეგი წევრები: ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დავით კირკიტაძე,  ნუგზარ წიკლაური, ომარ მეგრელიძე და ირაკლი ნადირაძე.

ამ სიის ექვსეული იმ კომისიის შემადგენლობაში შედიან, რომელმაც 20 იანვარს ენმ-ის დაგეგმილი ყრილობის საორგანიზაციო საკითები უნდა მოაგვარონ, თუმცა კომისიას არალეგიტიმურად მიიჩნევს პარტიის პოლიტსაბჭოს ბოკერია-უგულავა-რატიანი, ბაქრაძის ჯგუფი.

ცესკოს ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა თავად ეს მიმართვა პარტიული სიიდან წევრების ამორიცხვაზე უკვე გახდა როგორც სააკაშვილის მომხრეების, ასევე ექსპერტების კრიტიკის საგანი.

პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ამ ფაქტს “არამიშას” ფრთის არსებითი შეცდომა უწოდა:

ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე სტატიები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ასევე შეგიძლიათ შეავსოთ ტესტი და გაერკვეთ ვის მხარეს ხარ ენმ-ის შიდაპარტიულ დაპირისპირებაში:

შეავსე ტესტი და გაიგე, ვის მხარეს ხარ ენმ-ის შიდაპარტიულ დაპირისპირებაში – QUIZ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი