40207

ილია II: ზოგიერთი ქვეყანა ცოდვის დაკანონებას ცდილობს, სოციალური ქსელები მათ პროპაგანდას ეწევა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება უწესობის დაკანონება, ხოლო მასმედია და სოციალური ქსელები მათ პროპაგანდას ეწევა.

“საღმრთო ზნეობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფოს კანონებიც კი ვერ შეედრება. სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი, ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას. უფალმა იესო ქრისტემ განგვიცხადა, ცოდვად ითვლება არა მხოლოდ არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა… როგორც საღმრთო, ისე სახელმწიფო კანონები, რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები. ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები ამა თუ იმ უწესობას მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას,” – წერია ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

საშობაო ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 6 იანვრის 11:30 წუთზე წაიკითხეს. საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო  ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის: პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

მთავრობის წვრები ესწრებიან საშობაო ლიტურგიას. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მთავრობის წვრები ესწრებიან საშობაო ლიტურგიას. ფოტო: გიორგი დიასამიძე

ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com