ახალი ამბები

უგულავა ციხის დატოვების შემდეგ პრეზიდენტს პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს

6 იანვარი, 2017 • 39010
უგულავა ციხის დატოვების შემდეგ პრეზიდენტს პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს

“საქართველოში დადგა დრო, როდესაც სამართალზე მნიშვნელოვანი არის მოწყალება,” – ეს კომენტარი თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დღეს, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა. უგულავამ მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს, რომ დაიწყონ საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და გაათავისუფლონ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები.

“ჩვენ ვერასოდეს შევთანხმდებით, ესა თუ ის პიროვნება არის თუ არა დამნაშავე,” – ამბობს უგულავა და აცხადებს, რომ არსებული ვითარებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ზარალდებიან.

“პირველ რიგში მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკლებლივ ყველა ჩვენს პოლიტპატიმარს, რომელიც ამ ციხეში იმყოფება და რომლებიც სხვა საპატიმროებში არიან. ჩვენ არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის პოლიტპატიმარი და სხვისი პარტიის პოლიტპატიმარი, ჩვენი ფლანგის პოლიტპატიმარი, სხვისი ფლანგის პოლიტპატიმარი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები. და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ სამუშაო ამ კუთხით არის ძალიან ბევრი.

მე მინდა, რომ ყველამ კარგად გაათვიცნობიეროს, რომ სანამ ჩვენ ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე პოლიტიკა საქართველოში იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი ამაზე ყოველთვის იქნება უმრავლესობა. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის ეკონომიკური, და მოვაგვარო ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და მძიმე ტვირთად აწევს, ამისი აუცილებელი პირველი ნაბიჯი არის ის, რომ მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ეს, ჩემი აზრით, ყველაზე ადვილად და ყველაზე ღირსეულად შეუძლია ისევ მთავრობას და უმრავლესობას, თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. ამით შეძლებს, მთლიანად გადავშალოთ ის ფურცელი და უკვე კონსოლიდირებულად, ჩვენ ოპოზიციიდან და მათ მთავრობიდან გავაგრძელოთ ამ ქვეყანაზე ზრუნვა. ეს მას მხოლოდ ღირსებას შესძენს.

მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებს მთავრობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მთავრობა უკვე მხარეა, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა.” – გაანცხადა უგულავამ.

6 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ უგულავას საქმე განიხილა და ის პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქმე ეხებოდა “თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდს. ბრალდების თანახმად, თბილისის ყოფილმა მერმა “თბილსერვისში” პარტიული აქტივისტები დაასაქმა და გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხები. თბილსერვისის საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მართებული არ იყო. 4 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე გიგი უგულავამ საბოლო სიტყვის უფლება გამოიყენა და საქმესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა 2015 წლის 18 სექტემბერს დამნაშავედ ცნო “თბილსერვისისა” და “ტელეიმედის” “ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან” დაკავშირებულ საქმეზე, რაც თავის მხრივ რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს უკავშირდება. უგულავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

რიყის ეპიზოდზე სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა, ხოლო “თბილსერვისის” საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი