ახალი ამბები

“ამ პარტიის გამო ვიჯექი 2 წელი ციხეში” – უგულავა ენმ-ში დაპირისპირებაზე

6 იანვარი, 2017 • 5770
“ამ პარტიის გამო ვიჯექი 2 წელი ციხეში” – უგულავა ენმ-ში დაპირისპირებაზე

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გაჩენილი უთანხმოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ყველა ღონეს იხმას დაპირისპირების მოსაგვარებლად, რადგან პირადად თავს ვალდებულად მიიჩნევს, იმოქმედოს ვითარების დასაძლევად. უგულავა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

ასევე ამბობს, რომ დაპირისპირების მოგვარება პარტიის შიგნით უნდა მოხდეს ცივილიზებული ფორმით და არა ისეთი ფორმით, როგორიც ახლა აქვს.

“აქ არიან ჩემი შვილები, აქ არიან ჩემი მეგობრები და მესამე, რაც მე გამაჩნდა, იყო ეს პარტია. მე სხვა პარტიაში არც ვყოფილვარ. ჩემთვის ძალიან გულსატკენია ის, რაც ხდება. ბოლოს და ბოლოს, ამ პარტიის გამო ვიჯექი ციხეში 2 წელიწადნახევარი.

მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ შევხვდე მიშასაც – დაველაპარაკები და, საშუალება როგორც კი მექნება, შევხვდები. ვაპირებ ასევე შევხვდე ყველა იმ ჯგუფსაც, რომელიც აქტიურად იყო ჩართული.

და თუ არის ნახევარი პროცენტიც კი, რადგან ვხედავთ, რომ ძალიან ღრმად არის პროცესები წასული, თუ არის ნახევარი პროცენტი მაინც შანსი, რომ ჩვენ ეს პროცესი გავიაროთ ისე, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ, ჩემი პოზიცია ზოგადად ცნობილია, თუ ამის შანსი არის, მე მინდა ვთხოვო ყველა ჩართულ თუ მონაწილე, თუ ფეისბუკზე მონაწილე ადამიანებს – შობა თენდება და საშობაო არდადეგები 2-3 დღე აიღეთ, იქნებ 2-3 დღე მაცალოთ, თუ შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ და მე ამაში რაიმე წვლილი შევიტანო, მე ძალისხმევას არ დავაკლებ. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია და ეს გამოჩნდება, მაშინ ეს უკვე ჩემი პირადი პასუხისმგებლობაც არის, ყველა ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს ასეთი სამარცხვინო ფორმით არ მოხდეს. მე გვერდიდან ვუყურებდი და ყველაფერი სასაცილოდ და სამარცხვინოდ, ამაზრზენი საყურებელია.

აქედან გამომდინარე, თუ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ და ყველაფერი ვიღონოთ.

მე მესმის, რომ ძველი ურთიერთობების ფორმები ვერ აღდგება. დრო მიდის და დრო ცვლის ბევრ რამეს, მაგრამ თუ ჩვენ გამოვნახავთ ურთიერთობებისთვის საერთო პლატფორმას, რომელიც ფოკუსირებული იქნება აწყმოზე და მომავალზე, მაშინ შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიდეს.

ამისთვის საჭიროა ნება, გაუცხოების დაძლევა და ამ ყველაფერზე საუბარი. მათ შორის ერთმანეთთან საუბარი.” – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა დაპირისპირების მოსაგვარებლად უფრო ცივილიზებული ფორმების მოძიების საჭიროებაზე საუბრობს.

უგულავამ ჯერ კიდევ ნოემბერში გაავრცელა წერილი, სადაც თანაპარტიელებს, მხარდამჭერებს მიმართავს და საპარლამენტო არჩევნებსა და პარტიის გადაწყვეტილებებს აფასებს.

ვრცლად, თუ რაზე უპირსპირდებიან ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, გაეცანით ბმულზე.


6 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ უგულავას საქმე განიხილა და ის პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქმე ეხებოდა “თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდს. ბრალდების თანახმად, თბილისის ყოფილმა მერმა “თბილსერვისში” პარტიული აქტივისტები დაასაქმა და გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხები. თბილსერვისის საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მართებული არ იყო. 4 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე გიგი უგულავამ საბოლო სიტყვის უფლება გამოიყენა და საქმესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა 2015 წლის 18 სექტემბერს დამნაშავედ ცნო “თბილსერვისისა” და “ტელეიმედის” “ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან” დაკავშირებულ საქმეზე, რაც თავის მხრივ რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს უკავშირდება. უგულავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

რიყის ეპიზოდზე სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა, ხოლო “თბილსერვისის” საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი