ახალი ამბები

სააკაშვილი: უგულავას დაპატიმრება და გათავისუფლება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო

6 იანვარი, 2017 • 5879
სააკაშვილი: უგულავას დაპატიმრება და გათავისუფლება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაპატიმრება და გათავისუფლება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებად აფასებს და არა რომელიმე სასამართლოს, ყოფილი პრეზიდენტი თავის განცხადებაში მიესალმება თბილისის ყოფილი მერის გათავისუფლებას.

“მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან. მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად. გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად,” – აცხადებს სააკაშვილი.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმე განიხილა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. უგულავამ შესაძლოა საპატიმრო დაწესებულება დღესვე დატოვოს.

მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: AP

მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: AP

მასალების გადაბეჭდვის წესი