ახალი ამბებისამართალი

“ფარული ჩანაწერების” საქმეზე დაკავებულებიდან 3 პირი გაათავისუფლეს

6 იანვარი, 2017 • 10757
“ფარული ჩანაწერების” საქმეზე დაკავებულებიდან 3 პირი გაათავისუფლეს

წინასწარი პატიმრობის 9-თვინი ვადის ამოწურვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 2 და ერთი პირიც საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმე- ბრალდებულების, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის, ირაკლი ყიფშიძისს, გიგლა შიოშვილის და ამჟამად ძებნაში მყოფი კიდევ ორი პირის მიმართ.

სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულებს 2017 წლის 7 იანვარს ეწურებოდათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ცხრათვიანი ვადა. შესაბამისად, ბრალდებულები, რევაზ შიუკაშვილი და გიგლა შიოშვილი გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო ბრალდებული ირაკლი ყიფშიძე, რომელიც საკუთარი სურვილით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან. ბრალდებული ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

საქმის არსებითად განხილვა 2016 წლის 29 სექტემბერს დაიწყო და დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს. სასამართლო პროცესები რამდენჯერმე გადაიდო ადვოკატთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. უფლებადამცველთა გამოუცხადებლობისას, სასამართლომ იმ დღესვე დანიშნა ადვოკატები სავალდებულო წესით. თუმცა სავალდებულო წესით დანიშნულმა უფლებადამცველმა არასაკმარისი დროის გამო ვერ შეძლო საქმის მასალების შესწავლა (13 ტომი), ასევე საქმის განხილვა გადაიდო ბრალდებულ ვასილ ლელუაშვილის ავადმყოფობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2017 წლის 12 იანვარს, 15:00 საათზე განახლდება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 8 აპრილს განაცხადა, რომ 11 და 14 მარტს ინტერნეტში გავრცელებული უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ბრალდებით 5 პიროვნება დააკავა და ორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

გაეცანით, რა თანამდებობები ეკავათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებაში ბრალდებულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი