ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლა

6 იანვარი, 2017 • 6531
სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმე განიხილა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საქმე ეხება “თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდს. ბრალდების თანახმად, თბილისის ყოფილმა მერმა “თბილსერვისში” პარტიული აქტივისტები დაასაქმა და გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხები. თბილსერვისის საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მართებული არ იყო. 4 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე გიგი უგულავამ საბოლო სიტყვის უფლება გამოიყენა და საქმესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა 2015 წლის 18 სექტემბერს დამნაშავედ ცნო “თბილსერვისისა” და “ტელეიმედის” “ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან” დაკავშირებულ საქმეზე, რაც თავის მხრივ რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს უკავშირდება. უგულავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

რიყის ეპიზოდზე სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა, ხოლო “თბილსერვისის” საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი