ახალი ამბები

მელია: ვიწრო ჯგუფმა მერკანტილური ამბიციების გამო შეაფერხა განვითარება პარტიაში

5 იანვარი, 2017 • 3929
მელია: ვიწრო ჯგუფმა მერკანტილური ამბიციების გამო შეაფერხა განვითარება პარტიაში

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ და ენმ-ის რეგიონული პარტიული ორგანიზაციის ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ 20 იანვარს დაგეგმილი პარტიული ყრილობა, რომელშიც 7000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, სრულიად ლეგიტიმურია და ისინი, ვინც ცდილობენ ეს სხვაგვარად წარმოაჩინონ, მხოლოდ პირად ინტერესებს ემსახურებიან.

“პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 20 იანვარს სპორტის სასახლეში გაიმართება მრავალათასიანი ყრილობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 7000 დელეგატი. ამ ყველაფრის შემდეგ თბილისისა და რეგიონალური პარტიული ორგანიზაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პოლიტიკური საბჭოს ამ გადაწყვეტილებას, ჩაერთო ყრილობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა გასული და ამ წუთის მდგომარეობით, 5000 დელეგატის ვინაობა არის ცნობილი.

მაგრამ, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო, პარტიის მმართველობაში არსებულმა მცირე ჯგუფმა მოახერხა და დაუპირისპირდა არა მხოლოდ პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილებას, არამედ პარტიის მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას. დასანანია ასევე, რომ პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი ცდილობს, შეინარჩუნოს მისი პოზიცია, შეინარჩუნოს მისი გავლენა, შეინარჩუნოს მისი ინტერესი პარტიაში და ამ მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს.” – აცხადებს მელია.

მისი თქმით, პარტიის შიგნით მოწინააღმდეგე მცირე ჯგუფი განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, რომ წარმოაჩინონ ყრილობა, როგორც არალეგიტიმური: “წარმოაჩინონ ყრილობა ისე, თითქოს იქ არის უამრავი დარღვევა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიის ეს მცირე ჯგუფი რეალურად აცდენილია იმ განწყობებს, რომელიც არის აბსოლუტურ უმრავლესობაში პარტიის მხარდამჭერების”

ნიკა მელია აცხადებს, რომ ვიწრო მერკანტილური ამბიციების გამო ვიწრო ჯგუფმა, უბრალოდ, შეაფერხა განვითარება პარტიაში და რეალურად მოკლა დემოკრატიული განვითარების პროცესი.

“ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე დაიხშოს ემოციები, განცდები, რომელიც ერთი ჯგუფის მიერ იქნა უკანასკნელ პერიოდში აზვირთებული. სულ რაღაც ორ კვირაში ჩვენ ვიხილავთ ახალ, განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც 21 იანვრიდან კვლავ იქცევა ნამდვილ სახალხო ეროვნულ პარტიად.” – განაცხადა მან.

მოგვანებით პარტიამ გაავრცელა იმავე შინაარსის წერილი, რომელსაც ხელს აწერს პარტიის 74 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანოდიდატი.

გუშინ, 4 იანვარს ენმ-ის აღმასრუელებელმა მდივანმა სერგო რატიანმა პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებს წერილით მიმართა, სადაც 20 იანვრის ყრილობის არალეგიტიმურობაზე საუბრობდა.

ვრცლად, თუ რაზე უპირსპირდებიან ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი