ახალი ამბები

“დააშრე ჭაობი” – ბიუროკრატიის შემცირების მოთხოვნით გირჩი ახალ კამპანიას იწყებს

5 იანვარი, 2017 • 1571
“დააშრე ჭაობი” – ბიუროკრატიის შემცირების მოთხოვნით გირჩი ახალ კამპანიას იწყებს

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” კამპანიას, სახლწოებით “დააშრე ჭაობი!” იწყებს. ამის შესახებ პარტიაში დღეს განაცხადეს. როგორც “გირჩში” განმარტავენ, კამპანიის მიზანია უჩვენონ მოქალაქეებს, რაში იხდიან ისინი გადასახადებს და რატომ არ მუშაობს ქვეყნის ეკონომიკა გამართულად.

გირჩში აცხადებენ, რომ ისინი ორი წლის განმავლობაში საუბრობდნენ ბიუროკრატიისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების მნიშვნელობაზე, თუმცა, უშედეგოდ:

“ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული საკომუნიკაციო არხი, რათა დაგვერწმუნებინა, ერთი მხრივ, ხელისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოება, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარების სხვა რეცეპტი უბრალოდ არ არსებობს. თუმცა, ნაცვლად ხარჯების შემცირებისა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ფასები გაეზარდა საწვავზე, თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ავტომანქანებზე და სხვა. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ გვითხრა შემდეგი – არსებული ბიუროკრატია იმდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ ის არათუ უნდა შევამციროთ, არამედ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა მის შესანახად (ან მის მიერ განსაკარგად) უფრო მეტი ფული უნდა გადავიხადოთ გაზრდილი გადასახადების/ფასების შედეგად!”

კამპანიის ფარგლებში, პარტია ჟურნალისტებთან ერთად პერიოდულად აარჩევს სხვადასხვა სახელმწიფო ბუჯეტიდან დაფინანსებულ სტრუქტურას და მიმართავს ხელისუფლებას შემდეგი თხოვნით:

“აარჩიოს ამ სტრუქტურის ერთი, ნებისმიერი თანამშრომელი და დაგვრთოს ნება ვნახოთ და გადავიღოთ ამ თანამშრომლის ერთი სამუშაო დღე. ამ კამპანიის მიზანი არ არის შოუს მოწყობა ან რომელიმე კონკრეტული საჯარო მოხელის დისკრედიტაცია. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ მოქალაქეებს, რაში იხდიან ისინი გადასახადებს, რატომ უწევთ მათ გაზრდილი ფასის გადახდა რიგ პროდუქტებში და, საბოლოო ჯამში, რატომ არის გაჩერებული ქვეყნის ეკონომიკა,” – აცხადებენ პარტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი