ბექხან ფარეულიძე

პანკისის იმამი: გრძელდება მუსლიმების მიზანმიმართული დისკრედიტაცია

პანკისის იმამი ამბობს, რომ დუისში, სასწავლო ცენტრში, ხანძრის გაჩენაში მუსლიმების სავარაუდო დამნაშვეებად გამოცხადება ისლამის დისკრედიტაციის სურვილით ჩადენილი ქმედებაა.

პანკისის ხეობის იმამი ბექხან ფარეულიძე 3 იანვარს დუისის კულტურის სახლში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ფარეულიძის განცხადებით, კულტურის სახლში განთავსებულ ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა არა მხოლოდ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს, არამედ ხეობის მცხოვრებლების სახელს მიაყენა ზიანი.

ფარეულიძე ფონდის ხელმძღვანელის, იზა ბექაურის განცხადებას პასუხობს. ბექაური ამბობს, რომ შესაძლოა ცენტრში ხანძარი განზრახ გააჩინეს მათ, ვისაც მისი ფონდის საქმიანობა არ მოსწონს.

“ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პანკისელი მუსლიმების ეჭვმიტანილებად და სავარაუდო დამნაშავეებად გამოცხადება გვიჩენს კითხვებს და გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს სწორედ ისლამის და მუსლიმი ხალხის დისკრედიტაციის სურვილით ჩადენილი ქმედებაა.

მომხდარი ფაქტის შედეგად თუ ვინმე აღმოჩნდა წაგებული, ეს არც საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც საბედნიეროდ არ დამწვარა და არც კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, რადგან თუ მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი არ გაუჩნდა, საბედნიეროდ ზარალი არ მიუღია ამ ორგანიზაციას.

არც რეალური დამნაშავეა დაზარალებული, რომლის ვინაობაც ჯერ არ გამჟღავნებულა, თუმცა მოახერხეს და ჩირქი მოსცხეს ხეობის მუსლიმებს, გრძელდება მუსლიმების მიზანმიმართული დისკრედიტაცია.” – აცხადებს ბექხან ფარეულიძე.

ფარეულიძე განმარტავს, რომ დაპირისპირება, რომელზეც ბექაური საუბრობდა, არა ცენტრის საქმიანობას, არამედ მის მიერ პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის დანიშნულ სოციალურ დახმარებაზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა:

“ასევე, მსურს გმოვეხმაურო იზა ბექაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ცეკვისა და სიმღერის წრეების გამო მის წინააღმდეგ ადგილობრივი მუსლიმების მხრიდან იყო მუქარა, ეს მოვლენებიც ჩვენს თვალწინ, ფეისბუკ გვერდზე განვითარდა, ყველა ჩვენგანს ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა იმ დიალოგისთვის, რომელიც არა ცეკვა-სიმღერის გამო, არამედ იზა ბექაურის და კიდევ რამდენიმე ხეობაში მომუშავე ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლებიც საუბრობდნენ პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის დანიშნული სოციალური დახმარების არამიზნობრიობაზე. აღნიშნული ფაქტის დამახინჯებულად წარმოჩენის მცდელობაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს ჩვენში.

რაც შეეხება ქალთა უფლებებს, ისლამი და პანკისელი მუსლიმები დგანან ქალთა უფლებების და ქალთა კეთილდღეობის სადარაჯოზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ტელევიზიით გაჟღერებული განცხადებები, თითქოს მუსლიმებს ქალთა უფლებების საკითხი გვაღიზიანებს.

ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი სულიერი ლიდერის, აბდულ-ქერიმ ქავთარაშვილის მიერ ჩატარებული ლექცია ქალთა უფლებების საკითხზე, ეს სწორედ ამ საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა. ჩვენ კი არ გვაღიზიანებს ეს თემა, პირიქით, ფონდის მიერ სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ კიდეც ამ საკითხებში.

მართალია, ისლამის სწავლების მიხედვით ცეკვა და სიმღერა არ არის მიღებული, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებთ მსგავს რადიკალურ ქმედებებს, არც გაგვიმართლებია.

ბოლოს, ყველას გვინდა მოვუწოდოთ, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი განცხადებების მიმართ და მოეშვან ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე ადამიანების და უფრო მეტიც, ადამიანთა ჯგუფის დადანაშაულებას.

ეს არ მოუტანს არაფერს კარგს არც თითოეულ ჩვენგანს და არც ზოგადად პანკისის ხეობას.” – აცხადებს პანკისის ხეობის იმამი ფეისბუკში გავრცელებულ წერილში.

3 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე პანკისის ხეობაში, დუისის კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა. გამოძიებისათვის მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი იზა ბექაური ამბობს, რომ უცნობებმა შენობის დაწვა განზრახ სცადეს. საქმის გამოძიება კი სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი