ახალი ამბები

უგულავა თბილსერვისის საქმეზე: განზრახვა, რომ ეს ხალხი პარტიული ყოფილიყო, არ მქონია

4 იანვარი, 2017 • 39888
უგულავა თბილსერვისის საქმეზე: განზრახვა, რომ ეს ხალხი პარტიული ყოფილიყო, არ მქონია

“თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მოსამართლეებმა უნდა დაადგინონ, რამდენად მართებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ბრალდების ამ ეპიზოდში თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიგი უგულავამ დღეს სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლება გამოიყენა და წარდგენილ ბრალდებაზე განმარტება გააკეთა.

“განზრახვა მაინცდამაინც, რომ ეს ხალხი პარტიული ყოფილიყო, ეს არ მქონია მე. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ, სამწუხაროდ, ის, რაც მინდოდა კარგად გამოსულიყო, არ გამოვიდა კარგად. მე პატარა ბავშვი არ ვარ და არც გამოცდილება მაკლია, მათ შორის პოლიტიკური, რომ როდესაც სახელმწიფო ადამიანს უხდის ხელფასს… მიდის და როგორც პარტიული აქტივისტი ელაპარაკება, ეს არის ცალსახად ცუდი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ცუდი პრაქტიკა მე ვერ ავლაგმე. მიზნად რომ დამესახა, პრინციპში, რა მიზანიც დავისახე მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მეტ-ნaკლებად შევასრულე…

ეს ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოვიდა. ცუდია? რა თქმა უნდა, ცუდია. ჩემამდეც ხდებოდა და ახლაც ხდება.

შევთანხმდეთ ერთ რამეზე, სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანები თუ მუშაობენ როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები, ეს არის ცალსახად ცუდი. მე ამას არ ვემიჯნები. სამწუხაროდ, ჩემი პრობლემა არის, მაგრამ არც სხვას არავის ვაბრალებ.” – განაცხადა უგულავამ.


გიგი უგულავა 2015 წლის 18 სექტემბერს სასამართლომ დამნაშავედ ცნო  თბილსერვისისა და ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან“ დაკავშირებულ საქმეზე, რაც თავის მხრივ უკავშირდება რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს.

უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. კერძოდ, უგულავას ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

რიყის ეპიზოდზე სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა, ხოლო თბილსერვისის საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას მიესაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი