ახალი ამბები

სასწრაფოში საახალწლო მაშხალებით მიღებული დაზიანებებით 90-მდე გამოძახება შევიდა

4 იანვარი, 2017 • 22076
სასწრაფოში საახალწლო მაშხალებით მიღებული დაზიანებებით 90-მდე გამოძახება შევიდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტატისტიკური მონაცემებით, საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით 90-მდე გამოძახება დაფიქსირდა. მათ შორის იყო რამდენიმე მძიმე შემთხვევაც, როდესაც პაციენტებს ხელის თითების ამპუტაცია დასჭირდათ.

სასწრაფო დახმარების თბილისის ცენტრის მონაცემებით, 31 დეკემბრიდან 3 იანვრის დილის ჩათვლით დაფიქსირდა 56 გამოძახება, აქედან 2 შემთხვევაში დაზარალებულებს თითები ჰქონდათ მოწყვეტილი და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი, დანარჩენებს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

ასევე, სასწრაფო დახმარების ცნობით, სულ 3 შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. ორი – 31 დეკემბერს და ერთიც 2 იანვარს. არც ერთი შემთხვევა სიცოცხლისათვის სახიფათო არ ყოფილა. სასწრაფოში ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით შემთხვევების რაოდენობა ბათუმში მნიშვნელოვნად შემცირდა.

30 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით 30 შემთხვევა დააფიქსირეს რეგიონებში გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა. განსაკუთრებით მძიმე სახის დაზიანებები არავის მიუღია.

თბილისში დამწვრობის ცენტრმა, ჯამში, 25 პაციენტი მიიღო. პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 17 დეკემბერს დაფიქსირდა. აქედან იყო 8 ბავშვი, 2 მათგანი გადაიყვანეს სხვა კლინიკაში, რადგან ჰქონდათ სერიოზული ტრავმები, მყესების დაზიანებები და საჭირო გახდა თითების ტრავმული ამპუტაცია. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, დანარჩენი პაციენტები იყვნენ მეტ-ნაკლებად საშუალო სიმძიმის.

“იყვნენ ისეთი პაციენტებიც, რომლებმაც სასწრაფო დახმარება არ გამოიძახეს და თავად მოვიდნენ. გვყავდა პაციენტი, რომელსაც ახალ წელს აუფეთქდა, მაგრამ დღეს მოვიდა, რადგან თავიდან მოერიდა მოსვლა და შემდეგ გაურთულდა,” – ამბობს ქაშიბაძე.

საქართველოში ყოველწლიურად საახალწლო პიროტექნიკის შემთხვევითი აფეთქების ან არასწორად გამოყენების გამო ათობით ადამიანი ხვდება საავადმყოფოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი