ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვების მოცულობას შეამცირებს

4 იანვარი, 2017 • 15272
აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვების მოცულობას შეამცირებს

აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა ოპეკის [ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია – Organization of the Petroleum Exporting Countries, OPEC] გადაწყვეტილებას 2017 წელს ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, ნატიგ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვების მოცულობას დღე-ღამეში დაახლოებით 35 ათასი ბარელით შეამცირებს. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის [OPEC] წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობებს 2017 წლის პირველი იანვრიდან შეამცირებენ. შეთანხმების შესაბამისად, ჯამში, დღე-ღამეში მოპოვებული ნავთობის მოცულობა 1,2 მილიონი ბარელით – 32,5 მილიონამდე შემცირდება.

გარდა ამისა,  2016 წლის 10 დეკემბერს, ვენაში შეხვედრის დროს, ოპეკის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც შეთანხმდნენ ექვსი თვის განმავლობაში, დღე-ღამეში, 600 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე. ნავთობის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ინტერესია ნავთობის ფასის შენარჩუნება – 50-60 აშშ დოლარი ბარელზე.

2016 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ გეგმავს ნავთობის მოპოვების მოცულობისა და ექსპორტის გაზრდას. ამასთან, 2010 წლიდან, როდესაც ნავთობის მოპოვებამ პიკს მიაღწია, აზერბაიჯანში მისი ბუნებრივი შემცირება დაიწყო. ამჟამად წინა მოცულობების აღდგენაზე საუბარიც წარმოუდგენელია. შესაბამისად, 2017 წლიდან ნავთობის მოპოვების შემცირება აზერბაიჯანში ბუნებრივი გზით მოხდება. თუმცა, ოპეკის მხარდაჭერით, აზერბაიჯანმა აჩვენა, რომ მხარს უჭერს ორგანიზაციას და მის ნაბიჯებს “შავი ოქროს” ფასების სტაბილიზაციის კუთხით.

ნეტგაზეთი ესაუბრა აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ილჰამ შაბანს, რომელიც საუბრობს აზერბაიჯანის ინიციატივაზე ნავთობის მოპოვების შემცირების, ქვეყანაში მისი მოცულობებისა და 2017 წელს ნავთობის სავარაუდო ფასების შესახებ.

იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება უკვე რამდენიმე წელია ბუნებრივი გზით იკლებს, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ 2017 წელს დღე-ღამეში მოპოვების მოცულობის 35 ათასი ბარელით შემცირებას გეგმავს. რასთან გვაქვს საქმე?

აზერბაიჯანი შეუერთდა ამ ინიციატივას და აჩვენა საკუთარი პოზიცია, თუ ბარიკადების რომელ მხარეს დგას, – აზერბაიჯანი არ ეთანხმება ნავთობზე ამჟამინდელ ფასებს და, თავის მხრივ, სამართლიანი [როგორც ამას ოპეკას წევრი და არაწევრი ქვეყნები ამბობენ] ფასების დადგენაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს.

აზერბაიჯანის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ 2017 წლიდან ნავთობის მოპოვებას შეამცირებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას აზერბაიჯანი ხელოვნურად გააკეთებს.

თუმცა არსებობს ისეთი ქვეყნები, რომლებიც შეურეთდნენ ინიციატივას, მზაობა გამოთქვეს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. მაგრამ 2017 წელს, ოფიციალური პროგნოზით, მათი მოპოვების მოცულობები 2016 წელთან შედარებით გაიზრდება.

რომელ ქვეყნებზე საუბრობთ?

რუსეთი, ყაზახეთი, ირანი და შესაძლოა, ერაყიც. ის ადამიანები, ვინც არ არის ინფორმირებული ნავთობმოპოვების სისტემის შესახებ, ფიქრობენ, რომ ეს ქვეყნები რეალურად შეამცირებენ ნავთობის მოპოვებას. თუმცა პრაქტიკაში დაფიქსირდება ზრდა. როგორაა ეს შესაძლებელი? 2016 წლის დასაწყისში რუსეთი დღე-ღამეში 10,5 მილიონ ბარელს მოიპოვებდა. წლის ბოლოს ეს ციფრი 11, 2 მილიონამდე გაიზარდა. ამგვარად, წლის ბოლო მაჩვენებლებთან შედარებით მართლაც შეამცირებს რუსეთი მოპოვებას და 10,9 მილიონამდე დაიყვანს. ანუ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული 10,5 მილიონიდან 10,9 მილიონამდე გაზრდის ნავთობის მოპოვებას 2017 წელს.

ვნახოთ, რა ხდება ყაზახეთში. იგივე სიტუაციაა ამ ქვეყანშიც, რომელიც 20 ათასი ბარელით შემცირებას გეგმავს 2016 წლის ბოლო მაჩვენებელზე. მაგრამ რეალურად კაშაგანის ტერიტორიაზე მოპოვების ხარჯზე წლის ბოლოს 5-6 მილიონი ტონით გაზრდის.

იგივე ხდება ირანში. ამგვარად, კასპიის ზღვის აუზში რეალურად მხოლოდ აზერბაიჯანი შეამცირებს მოპოვებას, თანაც არსებითად. 2017 წელს- დაახლოებით 1 მილიონი ტონით.

რატომ მიდის აზერბაიჯანი ამ ნაბიჯზე?

რეალურად აზერბაიჯანი არ ამცირებს ნავთობის მოპოვების მოცულობას ოპეკის გამო, ან ფასების გაზრდის მიზნით. საქმე ის არის, რომ 2017 წელს აზერბაიჯანში ბუნებრივად შემცირდება მოცულობა, ასეთია პროგნოზი. თუმცა, ოფიციალურად, აზერბაიჯანი ამას იმით ხსნის, რომ მზადაა თავისი წილი შეიტანოს ფასების ზრდაში.

ნავთობის მოცულობის შემცირება აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნელში მოპოვების შემცირების გამო ხდება [ნავთობის მოპოვების ადგილი, სადაც აზერბაიჯანი ნავთობის დაახლოებით 75%-ის მოიპოვებს]?

მოპოვების შემცირება სხვა ადგილებშიც იგეგმება. თუმცა 90% სწორედ ამ ადგილზე მოდის. აქვე არის მნიშვნელოვანი დეტალი, აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, თუკი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ნავთობზე ფასები გაიზრდება, აზერბაიჯანის ნავთობის ფონდი, მიუხედავად მოპოვების მოცულობის შემცირებისა, იმავე რაოდენობის ფულს იშოვის – მოგება დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

2016 წელს აზერბაიჯანული ნავთობის საშუალო საექსპორტო ფასმა ბარელზე 45 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. საშუალოდ, ყოველდღიურად აზერბაიჯანი მოიპოვებს 840 ათას ბარელს. ერთი წლის შემდეგ დღე-ღამეში 805-810 ათას ბარელამდე შემცირდება.

როგორია კვლევითი ცენტრის პროგნოზი ფასების კუთხით 2017 წელს?

2016 წლის დეკემბერში ვნახეთ, რომ ნავთობზე ფასმა პირველად გადააბიჯა 55 აშშ დოლარის ზღვარს. ეს კარგი მაჩვენებელია. ნავთობის საშუალო ფასმა ბრენტის მარკის ნოემბრის მონაცემებით 46 დოლარი შეადგინა. ანუ დეკემბერში არსებითად გაიზარდა ფასი და ეს 2016 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ვფიქრობ, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობზე ფასები კიდევ გაიზრდება. 2017 წელი ბაზრისთვის კარგი სიახლით დაიწყება. მეტი ინფორმაცია იქნება იმის შესახებ, რომ ნავთობმომპოვებული ქვეყნები მოპოვებას ამცირებენ. ეს ბაზარს ბიძგს მისცემს და ფასები გაიზრდება. თებერვალში ოპეკის და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პირველი ანგარიშები იქნება იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულეს ვალდებულებები ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა მოპოვების მოცულობის შემცირების კუთხით. თუ მაჩვენებლები დაემთხვევა ბოლო შეთანხმებების პირობებს, ეს კიდევ უფრო დადებით გავლენას იქონიებს ბაზარზე. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფასი ბარელზე 60 აშშ დოლარსაც მიაღწევს.

ამავე დროს, უნდა გავიაზროთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბაზარზე ასეთი ფასი ვერ შენარჩუნდება. პირადად მე მოლოდინი მაქვს, რომ დაახლოებით აპრილ-მაისში ფასები კორექტირებას განიცდის და შემცირდება. თუმცა შემცირება არ იქნება მკვეთრი, 50 აშშ დოლარამდე. ეს აჩვენა პრაქტიკამ. ბაზარი კომფორტულად გრძნობს თავს 50-55 დოლარის ფასის პირობებში. ეს კი ძალიან კარგი ფასია აზერბაიჯანისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ წლის განმავლობაში 25%-იანი ზრდა იქნება.

ამასთან, ამჟამად, არავის შეუძლია პროგნოზის გაკეთება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დოლანდ ტრამპის პირველი ნაბიჯების შესახებ. ამ ფაქტორს შეუძლია ფასებზე გავლენა იქონიოს.

ნავთობსაქაჩი; აზერბაიჯანი; მარტი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ნავთობსაქაჩი; აზერბაიჯანი; მარტი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი