ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში წლის უფლებადამცველად ლეილა იუნუსი დაასახელეს

3 იანვარი, 2017 • 2305
აზერბაიჯანში წლის უფლებადამცველად ლეილა იუნუსი დაასახელეს

აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა მონიტორინგის ცენტრმა “წლის უფლებადამცველის” პრემია დააფუძნა. პრემიის პირველი მფლობელი, 2016 წლის შედეგებით, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი, პატიმრობიდან პირობით გათავისუფლებული ლეილა იუნუსი დაასახელეს.

“ამ პრემიას ამიერიდან ყოველწლიურად გადავცემთ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. ამ პრემიის პირველი ლაურეატი ცნობილია არა მხოლოდ აზერბაიჯანში, მის საზღვრებს გარეთაც”, – განუცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ელშან გასანოვმა გამოცემა კავკაზსკი უზელს.

როგორც გასანოვი ამბობს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და რეპრესიების, დაპატიმრებისა და წამების, ასევე,ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, ლეილა იუნუსი ვერ გატეხეს და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი – უფლებათადაცვის სფეროში მუშაობას აგრძელებს.

როგორც ცენტრის განცხადებაში წერია, “ლეილა იუნუსმა ეს პრემია დაიმსახურა მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის ადამიანის უფლებების დასაცავად, აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა პრობლემების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის. აქტიურად იყო ჩართული პოლიტპატიმართა ახალი სიის შედგენაში, პოლიტიპატიმრების მორალურად მხარდასაჭერად მათ წერილებს უგზავნის, მრავალრიცხოვან შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ტრიბუნებზე, მათ შორის ევროპარლამენტში აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე”.

2015 წლის 13 აგვისტოს ბაქოს სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს 8,5 და მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. სასამართლომ არიფ იუნუსი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. იუნუსებისა და სხვა უფლებადამცველების დაკავების გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებდა და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავდა.

9 დეკემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს აღკვეთის ღონისძიება პირობითი სასჯელით შეუცვალა. შესაბამისად, ლეილა იუნუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არიფ იუნუსს 12 ნოემბერს ბაქოს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ფორმა ასევე შიდა პატიმრობით შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ციხის დატოვების შემდეგ იუნუსები მკურნალობის მიზნით აზერბაიჯანის დატოვებაზე ნებართვის მიღებას ცდილობდნენ. ცოლ-ქმარი ქვეყნის დატოვებაზე მთავრობის მხრიდან უარს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ასაჩივრებდა. საბოლოოდ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მათ ნიდერლანდებში გამგზავრება შეძლეს.

ლეილა იუნუსი; ფოტო: კავკაზსკი უზელი' kavkazskii uzel

ლეილა იუნუსი; ფოტო: კავკაზსკი უზელი’ kavkazskii uzel

მასალების გადაბეჭდვის წესი