ახალი ამბები

მაკკეინი: თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება

1 იანვარი, 2017 • 2458
მაკკეინი: თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯონ მაკკეინი, სენატორი ლინდსი გრაჰამი და სენატორ ემი კლობუჩარი ეწვივნენ. სენატორები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერს. ასევე, შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს.

ჯონ მაკკეინმა ხურვალეთში განაცხადა, რომ აშშ კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და ორი ქვეყნის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რათა რუსეთის აგრესია არ გაგრძელდეს:

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას. კონგრესისა და ადმინისტრაციის პოზიცია არ შეიცვლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მადლიერი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა და უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმე პუტინის აგრესია გაგრძელდება. ” – ამბობს მაკკეინი და აცხადებს, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დასაწესებლად იმუშავებს.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფართო სპექტრი. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამერიკელი სენატორების სტუმრობაზე სოფელ ხურვალეთში და მიაწოდა მათ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

“შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას. სენატორების თქმით, აშშ დიდად აფასებს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას.” – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

შეხვედრის დასასრულს ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი