ახალი ამბებისაზოგადოება

ონკოლოგიური პაციენტები სახელმწიფო დაზღვევის გარეშე

5 იანვარი, 2017 • 7354
ონკოლოგიური პაციენტები სახელმწიფო დაზღვევის გარეშე

თუ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო დაზღვევით სარგებლობდით და ნებისმიერი მიზეზის გამო ეს დაზღვევა შეგიწყდათ, საყოველთაო დაზღვევის საბაზისო პაკეტით ვერ ისარგებლებთ – ასეა განსაზღვრული მთავრობის დადგენილებით.

34 წლის ნინო ც.-ს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, საყოველთაო დაზღვევა სიმსივნის მკურნალობას არ უფინანსებს იმ მოტივით, რომ იგი კერძო დაზღვევით სარგებლობდა.

2015 წელს სამუშაო ადგილზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ხელის ამპუტაცია დასჭირდა. მან საიას მიმართა და დამსაქმებელთან დავა სასამართლოს გზით დაიწყო. ამ პერიოდში მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა და რადგან თანხა სასწრაფოდ ესაჭიროებოდა, დამსაქმებელს მოურიგდა 20 ათას ლარზე – იმაზე ნაკლებზე, ვიდრე მოითხოვდა.

ნინო ც.-ს თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის გამო უკვე ვეღარ ახერხებს მუშაობის გაგრძელებას, სხივებისა და ქიმიოთერაპიის დასაფინანსებლად კი თანხები სჭირდება, რომელიც არ აქვს.

ნინოს ქმარი და 7 წლის შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ქმარს მუშაობა არ შეუძლია და ოჯახში ერთადერთი შემომტანი თვითონ იყო. რაც შეეხება სოციალურ შემწეობას, ნინო ამჟამად შემწეობას არ იღებს, რადგანაც, მისი თქმით, ჩარიცხულმა თანხამ გავლენა მოახდინა სარეიტინგო ქულებზე.

“დღეისათვის სიმსივნის ხარჯებს ვეღარავინ უფარავს ის თანხაც, მთლიანად მოხმარდა უკვე მკურნალობის ხარჯებს და ეს ადამიანი არის ფაქტობრივად სასიკვდილოდ განწირული, გაიმეტა სახელმწიფომ,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას საიას იურისტი გიორგი ანთაძე, რომელიც ნინო ც.-ს იურიდიულ დახმარებას უწევს.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ნინო მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და პენსიას, 100 ლარს იღებს. სააგენტოს განცხადებით, ნინოს ოჯახს მაღალი სარეიტინგო ქულების გამო არ აქვს დანიშნული საარსებო შემწეობა. სააგენტოში ნეტგაზეთს ასევე განუმარტეს, რომ ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, მინიმალურ პაკეტში მყოფი მოქალაქე გადაეყვანათ საბაზისო პაკეტში. საბაზისო პაკეტით ის პირები სარგებლობენ, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ იყვნენ კერძო დაზღვევის მქონეები. 

“ახლა ხან მერიას ვთხოვ დახმარებას, ხან ჯანდაცვას. შესატანი მაქვს მეხუთე, მეექვსე გადასხმაზე და არ ვიცი, რამდენს დამიფინანსებენ. თუ გავიკეთებ, უკვე ეგეც აღარ ვიცი,”- ამბობს ნინო ც. ნეტგაზეთთან საუბრისას.

საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტი, რომლითაც სარგებლობენ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო დაზღვევით დაზღვეული პირები, ითვალისწინებს მხოლოდ შემდეგი მომსახურების ანაზღაურებას: ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება,  სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი, მშობიარობა – ლიმიტი 500 ლარი, საკეისრო კვეთა – ლიმიტი 800 ლარი, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.

ონოკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასევე სხივური თერაპია, მინიმალურ პაკეტში არ შედის.

ეს ნორმა საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი ეხებათ ადამიანებს, რომლებმაც 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ სამსახურის დაკარგვის გამო შესაძლოა გაწყვიტეს ურთიერთობა კერძო სადაზღვევო კომპანიასთან და, იმავდროულად, უმუშევრობის გამო არ გააჩნიათ სახსრები ონკოლოგიური მკურნალობის ჩასატარებლად.

მკურნალობის საფასურის ზრდის პირობებში, ონკოლოგიური ხასიათის მკურნალობის ჩატარება შეუძლებელი ხდება არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის, არამედ სხვა პირებისათვის, განსაკუთრებით კი ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც მკურნალობის საშუალება არ გააჩნიათ სწორედ იმის გამო, რომ დაკარგეს სამუშაო და ამის გამო დატოვეს კერძო სადაზღვევო სქემაც,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.

სარჩელის თანახმად, ნორმა დისკრიმინაციულია, რადგანაც პაციენტთა ერთი კატეგორიისთვის ონკოლოგიური დაავადებების სრულად დაფინანსება, ხოლო სხვა კატეგორიისთვის – უარის თქმა, შეუძლებელს ხდის ამ სფეროში თანაბარ მონაწილეობას.

“ჯანმრთელობის დაცვა არ არის უბრალო პრივილეგია. აღნიშნული მომსახურების გაწევა პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან. როგორც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ საქმეზე მემორიალური ჰოსპიტალი მარიკოპის საგრაფოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: საკუთარ მოქალაქეთა დიფერენცირების გზით სახელმწიფომ არ უნდა დაიცვას საზოგადოების ფინანსები. მხარეს მოეთხოვება მეტი ვიდრე ის, რომ ფულის დაზოგვით გაამართლოს უარი უფასო სამედიცინო მომსახურებაზე,”- ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელის ავტორმა, გიორგი გოცირიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინა შემადგენლობამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოასწრო. მისი თქმით, უცნობია, სასამართლოს ახალი შემადგენლობა არსებითად განსახილველად დააბრუნებს საქმეს, თუ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი