ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

30 დეკემბერი, 2016 • 2523
უზენაესმა სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

დღეს, 30 დეკემბერს უზესაესმა სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც იურისტი ციალა რატიანი განმარტავს, ამგვარად უზენაესმა სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნეს საბი ბერიანის მკვლელობაში.

“უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას”,- ამბობს იურისტი.

25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნო საბი ბერიანის მკვლელობაში.

2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. განაჩენის თანახმად, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში, ხოლო დამანაშავედ იქნა ცნობილი ბიანკა შიგუროვას ცემასა და ხანძრის განზრახ გაჩენაში.

ტრანსგენდერი საბი ბერიანი 11 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა კოჭლაშვილსა და ბერიანს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც თანხას უკავშირდებოდა.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები- “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “იდენტობა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, მიიჩნევენ, რომ მკვლელობა გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი