ბაქო; ფოტო: ნეტგაზეთი, 2016

სომხური მხარის ცნობას აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ბაქოში უარყოფენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხი სამხედრო პირი აზერბაიჯანის არმიიდან სომეხი ჯარისკაცების მიერ “სადამსჯელო მოქმედებების” დროს დაიღუპა.

სომხური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებას აზერბაიჯანის დანაკარგების შესახებ სიცრუეს უწოდებენ ბაქოში. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებები სომხეთის შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი.

მანამდე, 29 დეკემბერს, სომხეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა აზერბაიჯანული მხარის მიერ დივერსიაზე განცხადება გაავრცელეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დივერსიის შედეგად უფროსი ლეიტენანტი შავარშ მელიქიანი და რიგითები, ედგარ ნარაიანი და ერიკ აბოვიანი დაიღუპნენ. ასევე, უწყების ინფორმაციით, დაღუპული არიან სამხედროები აზერბაიჯანის მხრიდანაც, თუმცა აზერბაიჯანი ერთ დაკარგულ ჯარისკაცზე საუბრობს.

მოგვიანებით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ 2016 წლის 29 დეკემბერს “სომხეთის კუთვნილი უპილოტო თვითმფინავი, რომელიც აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე დაფრინავდა, აზერბაიჯანულმა მხარემ ხელში ჩაიგდო”. ამასთან, აზერბაიჯანი სომხეთს კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 2016 წლის აპრილში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დაპირისპირება 4 დღით გამწვავდა, რა დროსაც ათეულობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ავტორი