ახალი ამბები

164 სამხედრო და 502 სამოქალაქო პირი თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა

30 დეკემბერი, 2016 • 2239
164 სამხედრო და 502 სამოქალაქო პირი თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა

რეორგანიზაციის ფარგლებში, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა, 164 სამხედრო და 502 სამოქალაქო პირი გადავიდა კადრების განკარგულებაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად კადრების განკარგულებაში გადავიდა 76 ოფიცერი და 88 კაპრალ სერჟანტი, ჯამში, 164 სამხედრო პირი. 209 ოფიცერმა კი ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა შეიარაღებული ძალები. როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აღნიშნა, 209 ოფიცრისათვის გადახდილმა კომპენსაციის მთლიანმა თანხამ  5 197 500 ლარი შეადგინა.

კომპენსაციის ოდენობა წოდებების მიხედვით განისაზღვრა. მაქსიმალური თანხა, 29 000 ლარი პოლკოვნიკებმა მიიღეს, მათ მოსდევს ვიცეპოლკოვნიკის წოდება, ვისთვისაც კომპენსაციის თანხად 23 000 ლარი განისაზღვრა, მაიორებისთვის – 18 000 ლარი, კაპიტნებისთვის – 14 000 ლარი და ლეიტენანტებისა და უფროსი ლეიტენანტებისთვის – 10 000 ლარი.

უწყების ცნობით, ოპტიმიზაცია ძირითადად სამოქალაქო პირებს შეეხოთ, რომელთა რაოდენობა შეიარაღებულ ძალებში 4 870 იყო. ამჟამინდელი მდგომარეობით, კადრების განკარგულებაში 502 სამოქალაქო პირია გადასული.

აღნიშნული სამხედრო თუ სამოქალაქო პირები კადრების განკარგულებაში 4 თვის მანძილზე იქნებიან და ამ დროის განმავლობაში, თუ მათ თავდაცვის სამინისტრო სხვა თანამდებობას არ შესთავაზებს, ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვლებიან.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, დღეს, 30 დეკემბერს, მედიასთან გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე იმ მიზეზების შესახებაც ისაუბრა, რის გამოც უწყებაში საკადრო პოლიტიკის რეორგანიზება მოხდა:

„უწყების ხელმძღვანელები, ექსპერტები, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებიც, თანხმდებოდნენ, რომ თავდაცვის სამინისტროში ბიუჯეტის თანხების უდიდესი ნაწილი, თითქმის 70 პროცენტი, სახელფასო უზრუნველყოფაზე, სოციალურ დახმარებაზე იხარჯებოდა. ეს კი ნატოს სტანდარტებისგან შორს იყო. ამიტომ აუცილებელი გახდა პრინციპული მოქმედება, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად. თავდაცვის ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტმა მიიღო, სახელფასო უზრუნველყოფას და სოციალურ დახმარებებს 32 მილიონი მოაკლდა. თანხა კი ინფრასტრუქტურასა და საქონლის შეძენაზე მომსახურებაში გადანაწილდა“, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, გენერალურ შტაბში გაუქმდა გარკვეული დეპარტამენტები, რომლებიც სამოქალაქო ფუნქციებს ასრულებდა:

“თუმცა ამ ფუნქციებზე უარი არ გვითქვამს. შევინარჩუნეთ ოპტიმალური რაოდენობა და მოხდა მათი სამოქალაქო ოფისში თავმოყრა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გავაანალიზეთ და გამოვიკვლიეთ თანაფარდობა მათ მიერ განხორციელებული ოპერატიული, საგამოძიებო მოქმედებებისა, ავიღეთ სტატისტიკა, ასევე, გამომძიებლების და ოპერატიული მუშაკების რაოდენობა. თანაფარდობა ძალიან არაპროპორციული იყო. შესაბამისად, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რაოდენობა თანაზომიერი იმ საქმეებისა გამხდარიყო, რაც სამხედრო პოლიციის მუშაობის ფარგლებში არსებობს. ჩატარდა ტესტირება და შეფასების შედეგად საუკეთესონი გამოვავლინეთ. სწორედ ეს ოპტიმალური რაოდენობა გააგრძელებს მომავალში სამსახურს“, – ამბობს თავდაცვის მინისტრი.

დღეს იზორიამ თავდაცვის უწყების იმ უკვე ყოფილი თანამშრომლების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც სამსახურში აღდგენის ან ალტერნატიული სამსახურის მიღების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ. 

“ყველა პროცედურა კანონმდებლობის მაქსიმალური დაცვით განხორციეელდა, როდესაც შტატი უქმდება, იქ კადრის დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობს. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სწორედ სასამართლო დამოუკიდებლობას აქვს პრიმატი და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის ყველასთვის სავალდებულო. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქნება ჩვენთვის სავალდებულო”.

ლევან იზორიას განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი 2017 წლის იანვარში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი