ახალი ამბები

“მარიამ ჯაში იქცევა, როგორც გრინჩი” – აუდიტორია #115 პროტესტს აგრძელებს

30 დეკემბერი, 2016 • 8101
“მარიამ ჯაში იქცევა, როგორც გრინჩი” – აუდიტორია #115 პროტესტს აგრძელებს

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის დატოვებას არ აპირებს. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, ისინი შენობის პიკეტირებას მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტი მათ მიერ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს არ დაარეგისტრირებს, რაც სავარაუდოდ, 2017 წლის გაზაფხულამდე არ მოხდება.

ლორთქიფანიძის თქმით, კომიტეტთან მოლაპარაკებების მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს სასურველ შედეგამდე მისვლა.

“მთელი ნოემბრის განვლობაში აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებმა ვაწარმოეთ მოლაპარაკებები საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წავედით ერთგვარ კომპრომისზე და ვუთხარით კომიტეტის წევრებს, რომ მზად ვართ დავტოვოთ მეექვსე კორპუსი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არათუ კანონის ცვლილებას მიიღებდნენ, არამედ კანონში ცვლილებას დაარეგისტრირებდნენ. სამწუხაროდ, კომიტეტის წევრებმა არასწორად გაიგეს ჩვენი ეს ნაბიჯი, ჩვენი კომპრომისი ჩათვალეს ჩვენს სისუსტედ და კანონის დარეგისტრირებაზეც კი უარი თქვეს.

შესაბამისად, გამოდის რომ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ათობით ახალგაზრდა, რომლებიც აქ ათევენ ღამეს, გაწირა იმისთვის, რომ ახალ წელსაც და შემდეგ სადღესასწაულო დღეებშიც გააგრძელონ კორპუსის ოკუპირება. იძულებულო ვართ, კიდევ რამდენიმე თვით ამ კორპუსში გავმაგრდეთ,”- ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.

ლევან ლორთქიფანიძე განათლების კომიტეტის თაჯდომარეს, მარიამ ჯაშს გრინჩს ადარებს, რომელმაც ათობით სტუდენტი იძულებული გახადა, დღესასწაულებს თსუ-ს მე-6 კორპუსში შეხვდეს:

“საერთოდ ხომ არის ხოლმე, რომ ზედმეტსახელს არქმევენ პოლიტიკოსებს. მაგალითად, რიჩარდ ნიქსონს ეძახნენ ცბიერ დიკის და აი, ქალბატონო ჯაში იქცევა, როგორც გრინჩი. გაგვწირეს აქ ყოფნისთვის.”

აუდიტორია #115-ის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პარლამენტს, განიხილონ მათი საკითხი, ხოლო საზოგადოებას სოლიდარობის გამოცხადებას სთხოვენ.

“31 დეკებერსაც, პირველ იანვარსაც ჩვენ ველით სტუდენტებს, ლექტორებს, მეგობრებს, რომ მოვიდნენ და გამოხატონ სოლიდარობა, თუ ეს შეუძლიათ და თუ უნდათ, რომ ეს მოძრაობა და პროტესტი გაძლიერდეს.”

24 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, აუდიტორია N115-მა თსუ–ის მე-6 კორპუსი დაიკავა და მეორე დღეს ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს შვიდი საარჩევნო უბანი თითქმის მთელი დღის განმავლობაში პიკეტირებული იყო, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები საღამოს მაინც ლეგიტიმურად გამოცხადდა.

სტუდენტური გაერთიანების წევრებისა და მათი მხარდამჭერებისთვის პიკეტირებულ მეექვსე კორპუსში თითქმის ყოველდღე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები კითხულობენ საჯარო ლექციებს, რომლებსაც აუდიტორია N115 ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წინასწარ აანონსებს.

სტუდენტური გაერთიანება მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შეთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები.

აუდიტორია 115 ასევე მოითხოვს, რომ თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით; ასევე, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი. გარდა ამისა, სტუდენტები საერთო საცხოვრებელის სრულად რეაბილიტირებასა და მეცნიერების დაფინანსების გაზრდას მოითხოვდნენ, რომლის დაკმაყოფილებასაც რექტორი 24 დეკემბერს დათანხმდა.

2016 წლის აპრილში სტუდენტური გაერთიანების წევრებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა, სადაც მან განაცხადა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა აღარ უნდა არსებობდეს ასეთი “მახინჯი სახით”. პრემიერმა მათთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი ნამდვილად გულით ნაკარნახევია. კვირიკაშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პირადად ჩაერთვებოდა განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში, თუმცა ეს ყველაფერი დღემდე არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი