ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად

29 დეკემბერი, 2016 • 3403
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

“საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და ეს ნორმები ხელშეუხებელი იქნება, პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. სამწუხაროდ, გადაწყვეტილებას არ ვიცნობ და კონკრეტული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიმოქმედებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ რამდენიმე თვის წინ შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 29 დეკემბერს არაკონსტიტუციურად ცნო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მოქალაქეთა ჯგუფმა და საქართველოს პარლამენტის 38-მა დეპუტატმა მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო:

  •  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია უფლებამოსილების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილ ვადაში არ ანაცვლებს მოსამართლეს და ეს საქმის განხილვისათვის საჭირო კვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ასეთ ვითარებაში სადავო ნორმა საფრთხეს შეუქმნიდა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის, ფუნქციონირებას.
  • „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენდა პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობის საჭიროებას კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც ორგანული კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ საქმეებზე კონსტიტუციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად აწესებდა პლენუმის 6 წევრის თანხმობის საჭიროებას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ობიექტურ, მიუკერძოებელ განმარტებას და მისი მიღების კონსტიტუციური სტანდარტია გადაწყვეტილების მიღება დამსწრეთა უმრავლესობით. იმავდროულად, კანონმდებლობით შესაძლოა დადგინდეს გარკვეული გამონაკლისი სისტემურ კონსტიტუციურ სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით.
  • საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას ანიჭებდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან ამ საკითხის განხილვა ხორციელდებოდა ფაქტობრივად ორჯერ – პლენუმისა და კოლეგიის მიერ, რაც აჭიანურებდა საკითხის გადაწყვეტას და, შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტურობას.
  • „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის სხდომათა დარბაზში გამოცხადების ვალდებულებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა გაუმართლებლად, არაგონივრულად აფერხებდა სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას და, ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით პირის უფლების დროულად დაცვის შესაძლებლობას. ამავე დროს, კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული კანონის მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
  • „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტი, რომელიც კრძალავდა ერთი და იმავე პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობების ხელმეორედ დაკავებას. ასევე, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით. ზემოაღნიშნული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების არაგონივრულ შეზღუდვად და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევად.

მასალების გადაბეჭდვის წესი