ახალი ამბები

პარლამენტმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო

29 დეკემბერი, 2016 • 11984
პარლამენტმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დღეს, 29 დეკემბერს, დეპუტატებმა  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და 91 ხმით დაამტკიცეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებული რეზოლუცია.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი – ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, – ხელმძღვანელობს რა საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესებით, – ხელმძღვანელობს რა საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო პოლიტიკური კურსით, რომლის მიმართ მყარი სახალხო მხარდაჭერა ერთხელ კიდევ გამოიხატა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს:

1. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდიაციით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;

2. საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების მიზნით საქართველო მომავალშიც განაგრძობს დემოკრატიის ხარისხის განმტკიცებას, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას. ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარმოჩინდეს, როგორც სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანა და რეგიონის ლიდერი დემოკრატიული განვითარებისა და წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით;

3. საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის და ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება გააღრმავებს ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას ევროპის ქვეყნებთან. საქართველო განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ. ასოცირების შეთანხმება არ არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საბოლოო მიზანი. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე, საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ;

4. საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტია ნატოში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მიზანმიმართულ მუშაობას, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“. უზრუნველყოფილი იქნება ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში არსებული ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი“) და ინსტიტუციური მექანიზმის გამოყენება. ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების გზით, გაგრძელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება;

5. საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად;

6. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების განვითარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში;

7. საქართველო, როგორც თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი, სრულად გაიზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას ცივილიზებული მსოფლიო. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის, ჩვეულებრივი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკონტროლო გავრცელების პრევენციას;

8. საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;

9. ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით, საქართველო განაგრძობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას;

10. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გაფართოება აღმოსავლეთის ქვეყნებთან;

11. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის განმტკიცება და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია;

12. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში. განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვისკენ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებაში ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი